საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ
/ 21 Jul.'10 / 19:02

ვინაიდან 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ საბჭოთა რუსეთმა დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საქმიანობა მისი ოკუპაციისა და ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით;

ვინაიდან 1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება, რითაც მან უპირობოდ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი; აიღო საქართველოს საშიანო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულება და დაიწყო სამხედრო ინტერვენცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე; 

ვინაიდან იმავე წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ აიღო თბილისი და დაამხო საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია; 

ვინაიდან ანექსიის შედეგად დამყარებულმა კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქე და მოახდინა მათი ქონების ექსპროპრიაცია;

ვინაიდან 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრეს – რუსეთის ფედერაციას – არ განუხორციელებია არანაირი ქმედება ოკუპაციის შედეგების აღმოსაფხვრელად და დღემდე არ ცნობს ოკუპაციის ფაქტს; 

ვინაიდან 1990–იან წლებში რუსეთის ფედერაციამ მოახდინა შეიარღებული კონფლიქტების ინსპირირება საქართველოს ტერიტორიაზე და ვინაიდან რუსეთმა მხარი დაუჭირა და უშუალოდ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის განხორციელებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე;

ვინაიდან რუსეთი მთელი ამ დროის მანძილზე მიუღებლად თვლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და მის შესაჩერებლად 2008 წელს განახორციელა მორიგი სამხედრო ინტერვენცია, მოახდინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების ოკუპაცია და განახორციელა ეთნიკური წმენდის მეორე ტალღა;

ვინაიდან 25 თებერვალი არის საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის დღე  და ვინაიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი;

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. გამოცხადდეს ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ;

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას ყოველი წლის 25 თებერვალს ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის პატივმიგებისა და ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების პროგრამის შემუშავება და განხორციელება;

3. ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დროშები;

4. ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდეს წუთიერი დუმილი ოკუპაციის მსხვერპლთა პატივის მისაგებად;

5. ეთხოვოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კერძო დაწესებულებებსა და საწარმოებს, თავი შეიკავონ ოკუპაციის დღეს მასობრივი საზეიმო და გასართობ-სანახაობრივი ღონისძიებების გამართვისგან.

Civil.Ge © 2001-2024