პარლამენტმა სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jul.'10 / 14:29

პარლამენტმა 21 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ. 
      
კანონის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში სავალდებულო გაწვევას 40 წლამდე პირები დაექვემდებარებიან წელიწადში რამოდენიმეჯერ, თუმცა წლიურად მათი შეკრების ვადა  45 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

მანამდე არსებული სისტემით, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ აღარ მოქმედებდა, სარეზერვო ძალებში სამსახური ითვალისწინებდა 18-დღიან სავალდებულო მოსამზადებელ კურსს წელიწადში ერთხელ 27 წლიდან 40 წლამდე მამაკაცებისთვის.

კანონის თანახმად, რეზერვისტთა აღრიცხვაზე ყოფნის ზღვრული ასაკი სამხედრო წოდების არმქონე პირთათვის 50 წლამდეა; ხოლო სამხედრო წოდების მქონეთათვის - 55 წლამდე. ოფიცრის სამხედრო წოდებების სხვადასხვა კატეგორიებისთვის ეს ასაკი 50–დან 65 წლამდე მერყეობს.

რეზერვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეროვნულმა გვარდიამ გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა, სარეზერვო ძალებში სავალდებულო სამსახურს მხოლოდ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ითვალისწინებდა. ამ ხედვის თანახმად, სხვა პირებისთვის სამსახური ნებაყოფლიბითი იქნებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს კონცეფცია შეიცვალა და მან 21 ივლისს დამტკიცებული პროექტის სახე მიიღო.

Civil.Ge © 2001-2024