ოპოზიცია საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებების „სამართლიანი ფორმატის“ შექმნისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Jul.'10 / 18:06

შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა ერთობლივ განცხადებაში 29 ივლისს, რომ საჭიროა მკაფიოდ განსაზღვრული „სამართლიანი“ პროცედურების შემოღება იმისათვის, რომ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყოს.

მმართველმა პარტიამ 21 ივლისს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობის განახლებისკენ მოუწოდა, რათა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.“

ინტერპარტიული ჯგუფი აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ მუშაობდა. NDI-ს რეგიონალურმა დირექტორმა ლუი ნავარომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის განაგრძოს სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობა.

გადაწყვეტილებებს სამუშაო ჯგუფი კონსენსუსის წესით იღებდა. მართალია, ადგილობრივი არჩევნების წინ ჯგუფმა ცვლილებები შეიმუშავა საარჩევნო კოდექსში, იგი რამოდენიმე მთავარ საკითხზე ჩიხში შევიდა მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის áƒ£áƒ—ანხმოების გამო.

ეროვნულმა ფორუმმა, კონსერვატიულმა პარტიამ, ახალმა მემარჯვენეებმა, ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ, საქართველოს გზამ და ხალხის პარტიამ აღნიშნეს ერთობლივ განცხადებაში, რომ ისინი მიესალმებიან ”ნებისმიერი ორგანიზაციის სურვილს, ხელი შეუწყოს საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარება“.

„აღნიშნულ საკითხებზე ხელისუფლებასთან ურთიერთობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მოლაპაკების შედეგიანად წარმართვისათვის საჭიროა ფასილიტაციის, საარჩევნო კოდექსის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი მექანიზმების ჩამოყალიბება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ამ შეხვედრებმა დაადასტურა, რომ აუცილებელია საარჩევნო კოდექსის თაობაზე მოლაპარაკების ახალ ფორმატზე შეთანხმება, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მიიღებენ სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებით დაინტერესებული გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები,“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში პარტიები არ აკონკრეტებენ, თუ მოლაპარაკებების რა ტიპის ფორმატს ანიჭებენ უპირატესობას.

ძირითადმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის განცხადების ხელმომწერებმა, უარი თქვეს ინტერპარტიულ სამუშაო ჯგუფში შესვლაზე, როდესაც ის პირველად ჩამოყალიბდა 2009 წლის თებერვალში. ახალმა მემარჯვენეებმა, ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა, რომლებიც იმ დროს ალიანსში საქართველოსთვის იყვნენ გაერთიანებული, ჯგუფში შესვლა 2009 წლის სექტემბერში გადაწყვიტეს.       

Civil.Ge © 2001-2024