საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის სოხუმში ჩასვლას გმობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Aug.'10 / 17:50

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მკაცრი პროტესტი“ გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სეპარატისტულ აფხაზეთში "ე.წ. ვიზიტთან" დაკავშირებით და იგი კავკასიის რეგიონში „სიტუაციის დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ესკალაციის კიდევ ერთ მცდელობად“ შეაფასა.

პრეზიდენტი მედვედევი თავდაცვის მინისტრთან ანატოლი სერდიუკოვთან ერთად სოხუმს ხანმოკლე ვიზიტით 8 აგვისტოს სტუმრობდა.

„სუვერენული ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საბჭოთა პოლიტიკური ლიდერების სტილში განხორციელებული ეს ე.წ. "ვიზიტი" წარმოადგენს კიდევ ერთ ცინიკურ აქტს, რითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არაფრად აგდებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, და არ აპირებდა და არც აპირებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების რომელიმე პუნქტის შესრულებას,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

„პარალელურად, კრემლი მიზნად ისახავს ლეგიტიმურობის ილუზია მაინც შეუქმნას მარიონეტულ რეჟიმებს, რადგანაც რუსეთის გულმოდგინე მცდელობებისა და ფინანსური გულუხვობის მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მათი აღიარების მცდელობა კრახით დასრულდა,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას აიძულოს რუსეთი პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს და უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

Civil.Ge © 2001-2024