ბაქრაძე აფხაზეთში C-300–ის განლაგების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'10 / 16:48

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მას არ გაჩნია ზუსტი ინფორმაცია იყო თუ არა სეპარატისტულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განთავსებული იმაზე ადრე, ვიდრე რუსული მხარე ამ áƒœáƒáƒ‘იჯის შესახებ 11 აგვისტოს საჯაროდ განაცხადებდა.

რუსეთის განცხადების კვალდაკვალ, 11 აგვისტოს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო C-300 კომპლექსის ორი წლის წინ აფხაზეთში განთავსების ფაქტი, თუმცა ამჟამად არკვევს უკვე არსებულს კიდევ დაუმატა თუ არა რუსეთმა იგივე სისტემა. 

“როგორც ჩანს, ამერიკელებს საკუთარი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. მე ვერ დავადასტურებ იმას იყო თუ არ იყო დღემდე ეს სისტემა აფხაზეთში, ვინაიდან ქართულ მხარეს ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში, ჩემ დონეზე, არ აქვს,“– განუცხადა Civil-ge-ს დავით ბაქრაძემ 12 აგვისტოს.

“სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ტიპის შეიარაღებაა აფხაზეთში და ცხინვალში. ეს არის სწორედ ერთ–ერთი პრობლემა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს და ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთი არ უშვებს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლებს,“– აღნიშნა მან.

ბაქრაძის განცხადებით, აფხაზეთში  C-300 ტიპის კომპლექსის განთავსება  „არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გამოწვევა ევროკავშირისთვის, შეერთებული შტატებისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც დღემდე ახსენებს და მოითხოვს რუსეთისგან მისი ვალდებულებების შესრულებას [ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე]“.

Civil.Ge © 2001-2024