საფრანგეთი "შეშფოთებულია“ აფხაზეთში C-300–ის განლაგების გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Aug.'10 / 15:21

რუსეთის მიერ აფხაზეთში C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის განლაგება „ვერ შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილიზაციას,“ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 აგვისტოს. 

კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა საფრანგეთი ამ განლაგების გამო და წარმოადგენს თუ არა ის ნატოს შეშფოთების წყაროს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტინ ფაჟმა განაცხადა: „ჩვენ შეშფოთებით მივიღეთ“ რუსეთის განცხადება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის განთავსების თაობაზე.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან და სრულად შეასრულონ 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებები,“ – განაცხადა კრისტინ ფაჟმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და დასძინა, რომ „ნატომაც მრავალჯერ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მიმართ“.

„საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო შეხვედრა, რომელიც ჟენევაში 14 ოქტომბერს გაიმართება, რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024