რუსეთის თქმით, C-300 აფხაზეთში 2008 წლის შემოდგომაზე განთავსდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Aug.'10 / 16:35

რუსეთმა სეპარატისტულ აფხაზეთში C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი 2008 წლის შემოდგომაზე განათავსა; ის რუსული სამხედრო ბაზის საშტატო შეიარაღების ნაწილია და "მოწოდებულია გადაწყვიტოს მხოლოდ თავდაცვითი ამოცანები“, განაცხადა ანდრეი ნესტერენკომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალურ კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასმედიასა და „ზოგიერთ დედაქალაქებში“ გაჩენილი კითხვების საპასუხოდ 13 აგვისტოს გამოაქვეყნა, ნესტერენკო აღნიშნავს, რომ C -300–ს „არ შეუძლია მადესტაბილიზებელი გავლენა იქონიოს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და არ არღვევს რუსეთის არანაირ საერთაშორისო ვალდებულებას“.

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის მსგავსად, "შეშფოთება“ გამოხატა C -300–ის განთავსებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და რეგიონში დაძაბულობის შემდგომ რისკს ქმნის.

საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის განთავსების შესახებ განცხადება პირველად 11 აგვისტოს, რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა ალექსანდრე ზელინმა გააკეთა ისე, რომ განთავსების თარიღი არ დაუკონკრეტებია. იმავე დღეს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის განცხადება სეპარატისტულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების თაობაზე შესაძლოა არც იყოს სიახლე, რადგან მოსკოვს ასეთი სისტემა რეგიონში 2008 წლიდან აქვს განთავსებული. 13 აგვისტოს რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ იტყობინებოდა კრემლის წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთმა C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი აფხაზეთში 2 წლის წინ განათავსა და ახლა მხოლოდ მისი დისლოკაციის ადგილი შეიცვალა.

“ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არც სიახლეა და არც საიდუმლო,“– განაცხადა ნესტერენკომ 13 აგვისტოს, "ეს ხორციელდება შესაბამის სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე ერთადერთი მიზნით – ვუზრუნველყოთ ორი ახალგაზრდა სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკის უსაფრთხოება და ზოგადად სტაბილურობა რეგიონში“.

რუსეთმა სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პირველი შეთანხმებები, რომლებიც რუსული სამხედრო ბაზების ამ რეგიონებში განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს, 2009 წლის სექტემბერში გააფორმა.

რაც შეეხება C -300–ს, ნესტერენკოს თქმით, "ის განთავსდა იქ [აფხაზეთში] 2008 წლის შემოდგომაზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი სეპარატისტულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებას ასე ხსნის: "ამის აქტუალობა ცხადზე უცხადესია 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების და თბილისის რევანშისტული მისწრაფებების გათვალისწინებით, რომელიც დღესდღეობითაც შენარჩუნებულია“.

ოფიციალურმა თბილისმა C -300–ის განთავსება დაგმო, როგორც „უკიდურესად საშიში და პროვოკაციული“ ნაბიჯი, რომელიც "საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას“.

 

Civil.Ge © 2001-2024