კრემლი სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე ლუკაშენკოს სიტყვების შესაძლო გამოქვეყნებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Aug.'10 / 16:10

რუსეთმა შეიძლება სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გამონათქვამების სტენოგრაფიული ჩანაწერები გამოაქვეყნოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, სერგეი პრიხოდკომ.

“რაც შეეხება ბელორუსის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების საკითხს, თუ ასეთი სურვილი იქნება, ჩვენ შეგვიძლია საჯარო გავხადოთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაზე სტენოგრამის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ბელორუსის პრეზიდენტის სიტყვებს ამ თემაზე,“– იტყობინება 14 აგვისტოს „ინტერფაქსი“ პრიხოდკოს სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია ლუკაშენკოს სხვა არანაკლებ საინტერესო გამონათქვამებიც გამოაქვეყნოს.

გუშინ ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების თაობაზე მისი გამონათქვამები კონტექსტიდან ამოგლიჯეს.

მას მხედველობაში ჰქონდა პრეზიდენტ მედვედევის მიერ 3 აგვისტოს გაკეთებული განცხადება, სადაც ის იხსენებდა ლუკაშენკოს "საზეიმო დაპირებას“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე.

“მას [მედვედევს] არ უთქვამს მეორე ნაწილი. მე მაშინ ვთქვი: ბელორუსისთვის არაა პრობლემა აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მაგრამ მე მას ჩამოვუთვალე ყველა პრობლემა, რომელიც ბელორუსს შეექმნებოდა ევროკავშირის, აშშ–ის და დსთ–ს ხაზით,“– განაცხადა ლუკაშენკომ 13 აგვისტოს.

ლუკაშენკოს თქმით, მან კითხა რუს კოლეგას მზად იყო თუ არა მოსკოვი დახმარებოდა მინსკს დასავლეთთან შესაძლო პრობლემების გადალახვაში, მაგრამ „რუსეთი აღმოჩნდა უუნარო ან რუსეთის ხელმძღვანელობამ არ მოინდომა“ იმ შედეგების ლიკვიდაცია, რომლებიც შესაძლოა დამდგარიყო აღიარების შემთხვევაში.

ივლისის შუა რიცხვებში ბელარუსის ტელევიზიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი "ზეწოლას განაგრძობს“ ბელარუსზე, რათა მან აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. "ვფიქრობ, ბელარუსი ბრძნულად მოიქცევა,“ – დასძინა სააკაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2025