ვაშაძე: რუსეთს აუცილებლად ექნება შემოტანილი C–300 ცხინვალის რეგიონში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Aug.'10 / 12:32

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთს საჯაროდ არ განუცხადებია, თუმცა ცხინვალის რეგიონშიც, აფხაზეთის მსგავსად, აუცილებლად ექნება შემოტანილი C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი.

“რუსეთმა შემოიტანა C–300 ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსეთმა გატენა C–300–ით თავისი ბაზა გიუმრიში. ეს ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ C–300 რუსეთს აუცილებლად ექნება შემოტანილი ცხინვალის რეგიონში,“– განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაძემ 24 აგვისტოს.

“მან [რუსეთმა] ფაქტიურად სამხრეთ კავკასიაზე და მის მოსაზღვრე რაიონებზე შექმნა ის სამკუთხედი, რომელიც, მათი ჭკუით, დასჭირდებათ ნატოსთან ან თურქეთთან კონფრონტაციისთვის,“– აღნიშნა მინისტრმა.

რუსეთმა აგვისტოში განაცხადა, რომ C–300 აფხაზეთში არსებულ მის სამხედრო ბაზაზე 2008 წლის შემოდგომაზე განათავსა. ეს ცნობა, ოფიციალური თბილისისგან განსხვავებით, სიურპრიზი არ აღმოჩნდა ვაშინგტონისთვის.

სომხეთში განთავსებულ გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას გასულ კვირას ერევნის თანხმობით ვადა 2044 წლამდე გაუხანგრძლივდა. "ინტერფაქსი“ იტყობინებოდა რუსეთის გეგმებზე, რომლის მიხედვითაც  გიუმრის, ასევე სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები წლის ბოლომდე შევა „სამხრეთის“  გაერთიანებულ სტრატეგიულ სარდლობის დაქვემდებარებაში, რომელიც ასევე მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქს, ვოლგისპირეთისა და ურალის სამხედრო ოლქის დასავლეთ ნაწილს, შავი ზღვის ფლოტსა და კასპიის ზღვის ფლოტილიას.

Civil.Ge © 2001-2024