რუსეთს ცხინვალის რეგიონში C–300 არ განუთავსებია – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Aug.'10 / 13:39

რუსეთს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში არ განუთავსებია C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი, განუცხადა „ინტერფაქსს“ 25 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ „ეს ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ C–300 რუსეთს აუცილებლად ექნება შემოტანილი ცხინვალის რეგიონში“.

უარყო რა ეს განცხადება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ ასევე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზისა და რეგიონის ტერიტორიის დაცვის საკითხები "წყდება საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების დახმარებით, კერძოდ კი მათ მიეკუთვნება "Бук"–ის, "Тунгуска"–ს და სხვა სისტემები“. 

რუსეთმა აგვისტოში განაცხადა, რომ აფხაზეთში არსებულ მის სამხედრო ბაზაზე დიდი რადიუსის მქონე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა C–300, რომელსაც ერთდროულად რამოდენიმე სამიზნის წინააღმდეგ მოქმედება და მართვადი და ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია, 2008 წლის შემოდგომიდან აქვს განთავსებული.

 

Civil.Ge © 2001-2024