სააკაშვილი ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ უფლებებს მხარს უჭერს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Sep.'10 / 14:25

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ახალ საკონსტიტუციო მოდელში განსაზღვრული პრეზიდენტის როლის კიდევ  უფრო შესუსტების, რაც ვენეციის კომისიის მიერ არის რეკომენდირებული.

ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: "მე კატეგორიულად არ ვიზიარებ ასევე ვენეციის კომისიის, რომელსაც ზოგადად მოწონს ეს კონსტიტუციური მოდელი, იმ მოწოდებას, რომ პრეზიდენტის ხელისუფლება საქართველოში დავასუსტოთ და გავუტოლოთ იგი ვთქვათ იგივე ბევრი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტს, მაგალითად, იტალიის პრეზიდენტს, სუფთა სიმბოლური როლი აქვს მას,  გერმანიის პრეზიდენტს და უბრალოდ სასახლეში ავლაბარში იჯდეს და ხანდახან უცხოელ დელეგაციებს ჩამოართვას ხუთი წუთით ხელი“.   

“საქართველო არის ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე მყოფი ქვეყანა და პრეზიდენტი უნდა იყოს ძლიერი... უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტის სიძლიერის გარეშე საქართველო, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში,  იქნება ძალიან რთული. ამიტომ ამ საკითხში ჩვენ ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებს ბოლომდე ვერ გავიზიარებთ,“– განაცხადა მან.

მისი თქმით, ახალი მოდელის პირობებში "აღარ მოხდება არც ერთ ხელში, ცალკე აღებული ხელისუფლების კონცენტრაცია, მოხდება კოლექტიური ხელისუფლების ჩამოყალიბება“.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პრეზიდენტის ძალაუფლება საგრძნობლად მცირდება და მისი უფლებამოსილებები მთავრობასა და პრემიერ–მინისტრს გადაეცემა. თუმცა, ვენეციის კომისიამ, პროექტის შესახებ გაკეთებულ წინასწარ დასკვნებში განაცხადა, რომ პრეზიდენტი კვლავ "ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალაუფლებას“ ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, შეიარაღებული ძალები და საგანგებო სიტუაციები, ასევე იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობა პარლამენტის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების წინაშე დგას.

კომისიის აზრით, არსებობს რისკი იმისა, რომ წარმოიშვას ისეთი ვითარება, როდესაც პრეზიდენტი შეიძლება კონფლიქტში შევიდეს ხელისუფლების სხვა შტოებთან. კომისიის თქმით, ასეთი სიტუაციის არსებობის შესაძლებლობას ისიც აძლიერებს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული პირი იქნება, რაც მის პოლიტიკურ წონას ზრდის.

“მთავრობა შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის გამოხატულება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმ უმრავლესობისგან, რომელმაც მხარი არჩევნების დროს პრეზიდენტს დაუჭირა, რადგან საპარლამენტო არჩევნები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ხოლო საპრეზიდენტო - ყოველ ხუთ წელში ერთხელ," – ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში.

“გარდა ამისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი [წარმოდგენილ მოდელში] ასრულებს პოლიტიკურ როლს, რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგის განგრძობადობის მიუკერძოებელი გარანტორის როლს,“– განაცხადა კომისიამ.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა 3 სექტემბერს, რომ ის არ აპირებს რეფერენდუმის გამართვას იმისთვის, რომ მესამე ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე. მისი მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება.

“მე არ ვაპირებ პრეზიდენტად კენჭის ყრას,“– განაცხადა მან, "თუმცა, ბევრ სხვა ქვეყანაში ასეთი რეფერენდუმი ჩატარდა, მათ ამას მიაღწიეს და სხვათაშორის, ყველა გამოკითხვით ნათელია, რომ ეს საქართველოში ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ კატეგორიულად ვაცხადებ- ეს არ უნდა გავაკეთოთ“.

მან კვლავაც უარყო ბრალდება იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციის პიროვნებებზე მორგება ხდება.

“ახლა ხშირად ამბობენ, რომ აი, მცდელობაა კონსტიტუციის ერთ პიროვნებაზე მორგების, სიტყვა "პუტინიზაცია" იხმარება. ჯერ ერთი პუტინიზაციისთვის საერთოდ არ არის საჭირო ამის გაკეთება. პუტინს საერთოდ ქაღალდზე არაფერი უფლებამოსილება არ აქვს. რუსეთის პრემიერ მინისტრი არის ძალიან სუსტი ხელისუფალი კონსტიტუციით, მაგრამ ყველაფერი არის მის ხელში დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე,“– განაცხადა სააკაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024