ვაშაძე: საქართველო ავღანეთში მისიას არ შეწყვეტს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Sep.'10 / 17:31
კოალიციური ჯარების (ISAF) áƒžáƒ áƒ”ს-ცენტრის მიერ გავრცელებულ ამ სურათზე, რომელიც 6 სექტემბერსაა გადაღებული, áƒ©áƒáƒœáƒ¡ ავღანეთში აშშ-ისა და კოალიციური ჯარების მეთაურის, გენერალ დევიდ პეტრეუსის შეხვედრა საქართველოს 31-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან. ISAF-ის ცნობით, გენერალმა პეტრეუსმა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა.

საქართველომ, რომელმაც პირველი მსხვერპლი განიცადა ავღანეთში ნატოს კოალიციური ძალების ოპერაციაში ჩართვის შემდეგ, არ შეწყვეტს ან შეამცირებს მის სამხედრო ყოფნას ავღანეთში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს.
“საქართველო არაფერს არ შეცვლის. ჩვენ, როგორც პარტნიორ ქვეყანას, გვაქვს ვალდებულებები აღებული,“– განაცხადა ვაშაძემ თბილისში ვიზიტად მყოფ მის ესტონელ კოლეგასთან, ურმას პაეტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ავღანეთთან და იქ ჩვენი გმირი ჯარისკაცების ყოფნა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ეს ტრაგიკული დანაკლისი ჩვენ განვიცადეთ ამ დღეებში, მაგრამ ეს ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ მისია შეწყდეს,“– აღნიშნა მან.

28 წლის უფროსი ლეიტენანტი, 31–ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა და მეორე ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა ავღანეთში თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 5 სექტემბერს. ამ შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.

საქართველომ შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი ავღანეთშის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში, აშშ-ის მეთაურობის ქვეშ 2010 წლის აპრილში გააგზავნა, რითაც ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი კოალიციის ფარგლებში, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. პირველად საქართველომ ავღანეთში, საფრანგეთის მეთაურობის ქვეშ, ერთი ასეული 2009 წლის ნოემბერში გააგზავნა.

31-ე ბატალიონი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ორ ბატალიონთან და ბრიტანანეთის სამეფო საზღვაო ქვეითთა ბატალიონთან ერთად, ”დელარამ II”-ის ბაზაზე არის განთავსებული. ბატალიონს, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებთან ერთად, საბრძოლო დავალებების შესრულება ჰელმანდისა და ნიმრუზის პროვინციებში უწევს.

კოალიციური ჯარების (ISAF) პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, 6 სექტემბერს ქართული ბატალიონის დისლოკაციის ადგილს ავღანეთში აშშ-ისა და კოალიციური ჯარების მეთაური, გენერალი დევიდ პეტრეუსი სტუმრობდა, რომლის დროსაც მან ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა რა მწუხარება ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, განაცხადა, რომ საქართველოს წვლილი ავღანურ მისიაში "ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

“ეს არის ასევე ძალიან მკაფიო პოლიტიკური სიგნალი ქართული საზოგადოებიდან... და ესტონეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ძალიან მადლიერია, რომ საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების მისიაში ავღანეთში,“– განაცხადა ურმას პაეტმა.

Civil.Ge © 2001-2024