გაეროს გენასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Sep.'10 / 12:49

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 7 სექტემბერს მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

რეზოლუციას მხარი 50–მა ქვეყანამ დაუჭირა 17–ის წინააღმდეგ; 86–მა თავი შეიკავა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუციები ორჯერ უკვე მიიღო 2008 წელს (აფხაზეთთან მიმართებაში) და 2009–ში. საქართველო მიესალმება, რომ ყოველწლიურად რეზოლუციის მხარდამჭერთა წრე ფართოვდება.

შარშან რეზოლუციას მხარი 48 ქვეყანამ დაუჭირა, 19–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78–მა თავი შეიკავა. 2008 წელს კი რეზოლუცია მხოლოდ 14 ხმით 11–ის წინააღმდეგ გავიდა, 105-მა თავი შეიკავა.

“ჩვენ ორი ხმა მოგვემატა, ჩვენ ოპონენტებს – რუსეთის ფედერაციას – ორი ხმა დააკლდათ,“– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 სექტემბერს თბილისში ვიზიტად მყოფ მის ფინელ კოლეგასთან, ალექსანდრე სტუბთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

“და ეს ტენდენცია გაგრძელდება მარტივი მიზეზის გამო  – საერთაშორისო საზოგადოებამ ვერდიქტი გამოუტანა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ ეთნიკურ წმენდას – რეზოლუციაში არის შესანიშნავი ფორმულირება ‘ძალადობრივი შეცვლა დემოგრაფიული სიტუაციის’, რაც სინონიმი არის ეთნიკური წმენდის, რომელიც მოხდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში,“– აღნიშნა მან. 

7 სექტემბრის კენჭისყრამდე რუსეთი შეეცადა დღის წესრიგიდან მოეხსნა ეს საკითხი; მაგრამ ამ მცდელობას 67–მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, მომხრე 32 იყო, ხოლო თავი 54–მა შეიკავა.

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუციას არ აქვს ჰუმანიტარული მიზნები და ის გამოკვეთილად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რაც საქართველოს მოკლევადიან გათვლებს ეფუძნება. რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი არარეალისტურია, კერძოდ იმ ნაწილში, სადაც საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადრეული დაბრუნებისთვის ვადების დაწესებაზე. ამ კუთხით, რუსეთის ელჩის თქმით, მხედველობაში არ არის მიღებული გენერალური მდივნის მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ ასეთი ვადების დაწესება ნაადრევია.

 

Civil.Ge © 2001-2024