გაეროს სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე საჯარო მოსმენას იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Sep.'10 / 12:31

ჰააგაში არსებული გაეროს საერთაშორისო სასამართლო (International Court of Justice - ICJ) პირველ საჯარო მოსმენას რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ორი წლის წინ შეტანილ სარჩელზე 13 სექტემბერს გამართავს.

დღევანდელ განხილვას ამ კვირაში მოჰყვება კიდევ ასეთი სამი და ოთხივე მოსმენა შეეხება მხოლოდ იმ საკითხს, რომელიც რუსეთმა სასამართლოს წინაშე დასვა და რომელიც ამტკიცებს, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული სარჩელი.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. საქართველოს მტკიცებით, რუსეთმა დაარღვია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები. სარჩელში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ეს კონვენცია 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.

Civil.Ge © 2001-2025