ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Sep.'10 / 20:17

ახალ საკონსტიტუციო მოდელში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის შეცვლა ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციაა, განაცხადა კომისიის დელეგაციამ, რომელიც თბილისს 16–17 სექტემბერს სტუმრობდა. 

ვენეციის კომისიამ პროექტთან დაკავშირებით წინასწარი არაოფიციალური მოსაზრებები ივლისში წარმოადგინა და მოსალოდნელი იყო, რომ საბოლოო დასკვნა მიმდინარე კვირაში იქნებოდა მიღებული. თუმცა იმის გამო, რომ პროექტმა კიდევ განიცადა შესწორებები, კომისიამ საბოლოო რეკომენდაციების მიღება ერთი თვით, 15–16 ოქტომბერს დაგეგმილი სხდომისთვის გადადო, რათა პროექტის შესწორებული ვარიანტის ექსპერტიზის  შესაძლებლობა მიეცეს.

ამასობაში, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე თვეში აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებას და როგორც ჩანს, პირველი მოსმენით მიიღებს კიდეც მანამ, სანამ ვენეციის კომისია თავის საბოლოო დასკვნას დადებს.

ვენეციის კომისიის დელეგაციას ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე, კანონპროექტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული, მასში ცვლილებების შეტანა ამ რეკომენდაციების მიხედვით მაინც შესაძლებელი იქნება მეორე მოსმენისათვის.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური კანონი სამი მოსმენით მიიღება.  კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები, მეორე მოსმენით  მუხლობრივად იხილება კანონპროექტი და მასში იმგვარი შინაარსობრივი ცვლილებები შედის, რაც პრინციპებს არ ცვლის; ხოლო მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანა.

თბილისში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, 17 სექტემბერს დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ მთავარ საკითხებს, რომლებიც რეკომენდაციების სახითაა ასახული კომისიის წინასწარ დასკვნებში. დელეგაციის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები „მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით“, განსაკუთრებით 2004 წელს მიღებულ სადავო შესწორებებთან შედარებით, გარკვეული პრობლემები კვლავ რჩება.

“ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, ჩვენი თვალსაზრისით, ალბათ არის მთავრობის ფორმირებასთან და მისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები,“– განაცხადა თომას მარკერტმა ვენეციის კომისიის მდივანმა.

ვენეციის კომისიის თანახმად, პარლამენტის როლის გაზრდა, ძირითადად, იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ფიგურას – პრემიერ–მინისტრს, საკანონმდებლო ორგანო აირჩევს. 

მაგრამ, როგორც მარკერტმა აღნიშნა, პროექტის ცენტრალური საკითხია ძლიერი აღმასრულებელი მთავრობის შექმნა, რადგან "ეს პროექტის ავტორთა რწმენაა, რომ საქართველოს ამ პერიოდში ასეთი ძლიერი მთავრობა სჭირდება“.

მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების წესის შეცვლა გააძლიერებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე, განაცხადა მან. "ეს ერთ–ერთი ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა,“– დასძინა მან.

თავის წინასწარ მოსაზრებებში კომისიამ განაცხადა, რომ მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის მიუხედავად, პრეზიდენტი კვლავ "ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალაუფლებას“ ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, შეიარაღებული ძალები და საგანგებო სიტუაციები, ასევე იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობა პარლამენტის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების წინაშე დგას.

კომისიის აზრით, არსებობს რისკი იმისა, რომ წარმოიშვას ისეთი ვითარება, როდესაც პრეზიდენტი შეიძლება კონფლიქტში შევიდეს ხელისუფლების სხვა შტოებთან. კომისიის თქმით, ასეთი სიტუაციის არსებობის შესაძლებლობას ისიც აძლიერებს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული პირი იქნება, რაც მის პოლიტიკურ წონას ზრდის.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამოდენიმეჯერ საჯაროდ განაცხადა, რომ ის  ახალ მოდელში პრეზიდენტისთვის გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის კატეგორიული წინააღმდეგია.

“საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ნებისმიერ ქვეყანაში იმავდროულად არის პოლიტიკური პროცესიც და ასევე ნორმალურია, რომ პოლიტიკური მოსაზრებები ექსპერტების რჩევებს გადაწონის,“– განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა.

 

Civil.Ge © 2001-2024