პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Sep.'10 / 17:15

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო – მას ჯერ კომიტეტები განიხილავენ და შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიტანენ პირველი მოსმენით მისაღებად.

“კონსტიტუციის შესახებ ყველა დაინტერესებული ადამიანი საქმის კურსშია და ახლა დრო არის, რომ პარლამენტმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება,“– განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე–სპიკერმა მმართველი პარტიიდან მიხეილ მაჭავარიანმა.

კონსტიტუციური კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეიტანა. áƒžáƒšáƒ”ნარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის თარიღი საკომიტეტო მოსმენების შედეგების შესაბამისად განისაზღვრება, განაცხადა მაჭავარიანმა.

ვიცე–სპიკერმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ პირველი მოსმენით ცვლილებების მიღება შესაძლებელია, თუმცა მეორე მოსმენა  მას შემდეგ უნდა გაიმართოს, რაც ვენეციის კომისია 15–16 ოქტომბერს დაგეგმილი სხდომის შემდეგ საბოლოო რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს პროექტთან დაკავშირებით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თორდიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პროექტის განხილვა დროის იმგვარი ინტერვალებით დაიგეგმება, რომ "ყველა დამატებით შენიშვნაზე აუცილებლად იქნება დებატები“.

გასულ კვირას, თბილისში ვიზიტის დროს ვენეციის კომისიის დელეგაციას ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე, კანონპროექტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული, მასში ცვლილებების შეტანა ამ რეკომენდაციების მიხედვით მაინც შესაძლებელი იქნება მეორე მოსმენისათვის.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური კანონი სამი მოსმენით მიიღება.  კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები, მეორე მოსმენით  მუხლობრივად იხილება კანონპროექტი და მასში იმგვარი შინაარსობრივი ცვლილებები შედის, რაც პრინციპებს არ ცვლის; ხოლო მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანა.

Civil.Ge © 2001-2024