სააკაშვილი ირანზე, ისრაელსა და რუსეთზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Sep.'10 / 18:34

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემით "თამაშობს“ და მას ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბერკეტად იყენებს.

"რუსული პოლიტიკისთვის ზოგადად დამახასიათებელია, რომ პრობლემები შეინარჩუნოს, რათა შემდეგ მისგან სარგებელი მიიღოს,“ – განაცხადა ნიუ–იორკში მყოფმა სააკაშვილმა 22 სექტემბერს Fox News–თან ინტერვიუში, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა იგი "რუსეთის მიერ ირანის ბირთვული ამბიციების დაფინანსებაზე“.

"ამრიგად, თუ ირანის საკითხი გადაწყდა, თუ მთლიანი საკითხი მოგვარდა, მაშინ რა ბერკეტები დარჩებათ რუსებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში? ასე რომ, [რუსეთი] ამ საკითხით საკმაოდ მოხერხებულად თამაშობს – პირდებიან დასავლეთს რაღაცეებს, მაგრამ ამავე დროს რაღაცეებს აწვდიან ირანელებს. მგონია, რომ ამ პროცესში რუსებმა ყველა მხარის ნდობა დაკარგა, მაგრამ ისინი ამას მუდმივად აკეთებდნენ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

შემდეგ მას ჰკითხეს, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ცალმხრივად იმოქმედებს ირანის წინააღმდეგ. სააკაშვილმა უპასუხა, რომ "საუკეთესო გადაწყვეტა ყველასთვის საკითხის მშვიდობიანად მოგვარება იქნება“.

"მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ძირითადი პრინციპები და ძირითადი პრინციპები ის არის, რომ რა თქმა უნდა, ისრაელს აქვს უსაფრთხოების და არსებობის უფლება და ამას ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ – ეს ჩემთვის სრულიად ნათელია,“ – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ არ შეიძლება "მუქარის ენით“ საუბარი, რასაც, მისი თქმით, "არაფერი მოაქვს“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის, რომელიც ამ რეგიონთან ახლოს მდებარეობს, ფსონები ძალიან მაღალია. "მშვიდობას უნდა მიეცეს შანსი და ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებებს ნამდვილად ექნება შედეგები,“ – დასძინა მან.

იმავე რვაწუთიან ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო გააგრძელებს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას და აღნიშნა: "ჩვენ ვერ დავტოვებთ ავღანეთს საკითხის მოგვარების გარეშე“.

"ჩვენ ეს ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივატოვოთ,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ინტერვიუში რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან 500 000 ადამიანი რჩება დევნილი. ”ეს ყველაფერი არათუ პირდაპირ მისგან მოდის, არამედ ის [პუტინი] ამით ამაყობს კიდეც,” – დასძინა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024