სახალხო კრება 25 ნოემბრისთვის დაიგეგმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Sep.'10 / 17:19

წარმომადგენლობითი სახალხო კრება, რომელსაც ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო აქტიურად უჭერს მხარს, 25 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი კრების მიზნებისა და ამოცანების პოპულარიზაციისთვის და მის მოსამზადებლად რეგიონებში გასვლითი შეხვედრები იგეგმება.

სამოქმედო გეგმის შესახებ დეკლარაცია სახალხო კრების მოსამზადებელ კონფერენციაზე იქნა მიღებული, რომელიც თბილისში 29 სექტემბერს ჩატარდა.

“სახალხო წარმომადგენლობითი კრება გამოიყენებს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ქმედით ფორმას... და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მიაღწევს საქართველოში ვადამდელი დემოკრატიული და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას,“– ნათქვამია დეკლარაციაში, სადაც სახალხო კრება მოხსენიებულია, როგორც "საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო“.

სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან გაერთიანებული. ჯგუფის  ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა ნონა გაფრინდაშვილმა გაერთიანებისაკენ მოუწოდა ყველას, ვინც მზად არის სახალხო წინააღმდეგობის გზით შეცვალოს ხელისუფლება. საინიციატოვო ჯგუფი და ნინო ბურჯანაძის პარტია კრების მოწვევის პროცესში ჩართვის მიზნით ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს გეგმავენ.

სახალხო კრების იდეას პოლიტიკური პარტიებიდან ამ დრომდე მხოლოდ ნინო ბურჯანაძემ გამოუცხადა პირდაპირი მხარდაჭერა. არცერთი სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი კრების დამფუძნებელ შეხვედრას არ დასწრებია. მათი ნაწილი ამ ეტაპზე  სახალხო კრების იდეისგან დისტანცირებას ამჯობინებს, თუმცა მოგვიანებით არ გამორიცხავს მის მხარდაჭრას;  ნაწილი თვლის, რომ ეს საზოგადოებრივი ინიციატივაა და მასში პოლიტიკური პარტიები არ უნდა ჩაერთონ.

იმავდროულად, მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით მიმდინარეობს კონსულტაციები ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის მიზნით. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ოქრუაშვილთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს დაიცავი საქართველოს ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველმა ეროსი კიწმარიშვილმა, ყოფილმა ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა და კოკა გუნცაძემ.

30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს áƒáƒ¥áƒ áƒ£áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ›áƒ პარიზისდან ტელეფონით განუცხადა, რომ ახალი გაერთიანების შესახებ საუბარი მიდის ასევე ყოფილ პრემიერ–მინისტრთან და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერთან ზურაბ ნოღაიდელთან, რომელთან ერთადაც მან ოპოზიციას კონსოლიდაციისკენ ჯერ კიდევ ივნისში მოუწოდა.

 

Civil.Ge © 2001-2024