პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'10 / 17:10

პარლამენტმა 1 ოქტომბერს საკონსტიტუციო ცვლილებები 125 ხმით 4–ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მიიღო მას შემდეგ მუხლობრივი პროცედურით განიხილა კანონპროექტი, რომლითაც პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ხარჯზე კიდევ უფრო შესუსტდა პრეზიდენტის უფლებები. 

პარლამენტში პროექტის წარდგენისას იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადა, რომ განახლებული დოკუმენტი ყველა იმ ცვლილებას ასახავს, რომელიც მან ერთი კვირის წინ გამართული პირველი მოსმენის დროს მისაღებად მიიჩნია.

კერძოდ, პრეზიდენტს აღარ ექნება საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და შესაბამისად, არც ამ ინიციატივის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნა შეეძლება პარლამენტში; გენშტაბის უფროსის და სხვა მხედართმთავრების დანიშვნაში პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ე.წ. კონტრასიგნაციის წესით; ასევე პრემიერ–მინისტრის კონტრასიგაციას დაექვემდებარება  პრეზიდენტის უფლებამოსილება აწარმოოს მოლაპარაკებები ან დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.

გარდა ადეიშვილის მიერ წარმოდგენილი ცვლილებებისა, პროექტი ასევე ასახავს შეთანხმებას მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლის თანახმადაც მომავალ პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიაში ოფიციალური პოსტის დაკავება ეკრძალება. თუმცა, პრეზიდენტს კვლავ ექნება უფლება პოლიტიკური პარტიის წევრი იყოს.

პრეზიდენტს ასევე აღარ ექნება უფლება „საკუთარი ინიციატივით“ მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია ან სხდომა.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც 1 ოქტომბერს დებატები გაიმართა, ეხებოდა იმ პროცესს, რომლითაც გათვალისწინებულია მთავრობისთვის უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის გამოცხადება. 

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით გამართული დახურული კონსულტაციების შედეგად მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტატებმა ორ დამატებით შეთანხმებას მიაღწიეს. 

ერთი ეხება იმას, რომ 20 დღით შემცირდება უნდობლობის გამოცხადებისათვის დაწესებული საერთო ვადები.

ვენეციის კომისიის პოზიციის მსგავსად, დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდანაც განაცხადეს, რომ პროექტით გათვალისწინებული პროცესი ძალიან გართულებული და გრძელია, რასაც სულ ცოტა სამი თვე ან შესაძლოა 100 დღეზე მეტი დასჭირდეს.

საპარლამენტო უმცირესობა ასევე მოითხოვდა, რომ პრეზიდენტისთვის ჩამოერთვათ  პარლამენტის მიერ უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის გამოცხადების პროცესში შერჩეული პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაზე ვეტოს დადების უფლება, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.

მეორე შეთანხმება ეხება იმას, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობას ამჟამად მოქმედი საკონსტიტუციო წესებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ახალი პარლამენტის არჩევა მთავრობის ხელახლა დამტკიცებას არ იწვევს. 

“მიუხედავად იმისა, რომ სხვა ნაწილი კონსტიტუციის არ იქნება შესული ძალაში, იმ პირობებით რაც დღეს არის, პარლამენტს უკვე ექნება შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობის განხილვა თავიდან მოახდინოს და შესაბამისად, მთავრობაში აისახება გარკვეულ წილად პარლამენტის ის კონფიგურაცია, რომლითაც არჩევნების შედეგად შეიკრიბება ეს [ახალი] პარლამენტი,“– განაცხადა იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნულ შეთანხმებაზე საუბრისას.

თუმცა, მთლიანობაში, კონსტიტუციის ახალი მოდელი პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ახალი უფლებამოსილებებით ძალაში შევა 2013 წლის 1 დეკემბრიდან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მორიგი არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, როგორც ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული.

 

Civil.Ge © 2001-2024