საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას განიხილავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Oct.'10 / 16:08

საქართველოს და აშშ–ის ხელისუფლების წარმომადგენლები 6 ოქტომბერს ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრას გამართავენ, სადაც ორ ქვეყანას შორის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხი იქნება განხილული.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი áƒ¨áƒ”ხვედრის დასაწყისში საჯარო განცხადებებს გააკეთებენ, რის შემდეგაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემაჯამებელი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება. ასევე დაგეგმილია გილაურსა და კლინტონს პირის-პირ შეხვედრაც.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია თანამშრომლობის ოთხ სფეროს მოიცავს, მათ შორისაა: თავდაცვა და უსაფრთხოება; ვაჭრობა და ეკონომიკა; დემოკრატია და ხალხებს შორის კავშირები და კულტურული გაცვლა. შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც თანამშრომლობის ამ ოთხ სფეროში შემავალ საკითხებზე მუშაობენ. სამუშაო ჯგუფებმა უკვე გამართეს შეხვედრები 2009 წლის განმავლობაში და 2010 წლის დასაწყისში.

პრემიერ–მინისტრმა გილაურმა, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს იგი ასევე შეხვდება აშშ–ს ხაზინის მდივანს ტიმოთი გეითნერს, ასევე მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალი რანგის წარმომადგენლებს.    

Civil.Ge © 2001-2024