![]() |
|||
13 ოქტომბრიდან ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება საქართველო საზღვრის გადაკვეთისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ოქტომბერს მოაწერა ხელი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სავიზო წესების გამარტივება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვიზები არ გაიცემა და ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლებს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთისათვის ვიზების მისაღებად რუსეთის დედაქალაქში უწევდათ ჩასვლა. საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად დაწესებული აქვს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აეროპორტებში, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას შეუძლიათ ვიზების აღება. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025