ახალი ოპოზიციური პარტია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Oct.'10 / 19:38
ოპოზიციურ ფრონტზე ბოლო თვეებში მომხდარი გადაჯგუფების შედეგად, 12 ოქტომბერს ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, რომელიც რამოდენიმე ცნობილმა ოპოზიციურმა ფიგურამ დააფუძნა.

”ქართული პარტიის” დამფუძნებლები არიან ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი; ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი; 2008 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და რუსეთში ყოფილი ელჩი და ტელეკომპანია "მაესტროს“  მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი.

მათ 12 ოქტომბერს პრეზენტაცია გამართეს და ახალი პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. გასაგები მიზეზების გამო ოქრუაშვილი პრეზენტაციას არ დასწრებია. ოქრუაშვილს, რომელსაც საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, 2008 წლის მარტში სასამართლომ 11–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ღრმა კრიზისში იმყოფება და იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება ამ კრიზისის მოგვარებაზე ზრუნავდეს, მის მთავარ და ერთადერთ ამოცანას ძალაუფლების შენარჩუნება წარმოადგენს.  

მისი თქმით, ახალი პარტიის დამფუძნებლებმა, რომლებსაც არა მარტო განსხვავებული წარსული აქვთ, არამედ ადრე შესაძლოა ერთმანეთთან დაპირისპირებულებიც ყოფილიყვნენ,  დაინახეს, რომ საჭიროა კარგად ორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება ამ კრიზისის მოსაგვარებლად.

კიწმარიშვილი, რომელიც პარტიის პრეზენტაციაზე გაჩეჩილაძემ "თანამედროვე პროპაგანდაში და ტექნოლოგიებში მართლაც უდიდესი გამოცდილების” მქონე áƒáƒ“ამიანად დაახასიათა, 2008 წელს დაახლოებით 6 თვის მანძილზე რუსეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა. 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ იგი პრეზიდენტ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მრჩეველი იყო. თუმცა, აგვისტოს ომის დროს კიწმარიშვილი ყოფილ მოკავშირეს საჯაროდ დაუპირისპირდა. 2009 წლის ნოემბერში "მაესტროს“ მფლობელებმა მას ტელეკომპანიის მართვის უფლება გადასცეს; მოგვიანებით მან "მაესტრო“-ში ახალი დირექტორი დანიშნა, რომელიც არხის ყოველდღიურ მართვაზეა პასუხისმგებელი და ახლა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიასთან საერთო აღარაფერი აქვს.

თავის წერილობით განცხადებაში ახალმა პარტიამ განაცხადა, რომ მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.

"საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს, რომ მკაცრ რეალობას გავუსწოროთ თვალი – რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე წარამატებული საქართველო ვერ იქნება. ამას მოითხოვს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიც და ამისკენ მოგვიწოდებენ მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადეობაც. ამიტომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და ნორმალიზება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ნატოსთან დაკავშირებით პარტია აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლების უგუნური და არაპროგნოზირებადი პოლიტიკის შედეგად ნატო ამ ეტაპზე ვერ გახდა საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, არც უახლოეს ხანებში ჩანს ამის პერსპექტივა“.

პრეზენტაციაზე გამოსვლისას ლევან გაჩეჩილაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: ”მე არ ვთვლი, რომ უსაფრთოების გასაღები áƒ áƒáƒ›áƒ”ლიმე სამხედრო ალიანსში არის“.

გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ ახალი პარტია მზად არის ”ყველა სხვასთან ერთად, ვისაც უნდა ამ რეჟიმის შეცვლა”, აიღოს პასუხისმგებლობა.

”პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს არის ის ატრიბუტი, რომელიც აკლდა ამ ბრძოლას. ამიტომ შევქმნით ისეთ სისტემას, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც აიღებს არა მარტო რეჟიმის შეცვლაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

სოზარ სუბარის განცხადებით პარტიის უმთავრესი ამოცანა იქნება "შევაჩეროთ დაშლისა და ნგრევის პროცესი, რასაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობა იწვევს.”

2009 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის პოსტზე მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, სუბარი ამჟამად უკვე დაშლილ ”ალიანსში საქართველოსთვის” გაწევრიანდა. თუმცა, 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მან ალიანსი დატოვა.

ახალი პარტიის დამფუძნებლებს შორის ასევე არის კოკა გუნცაძე, რომელიც სულ ბოლოს ”ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო და რომელიც მან ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დატოვა. წარსულში იგი ასევე იყო ოქრუაშვილის პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრი. ეს პარტია, რომელიც ოქრუაშვილმა 2007 წელს დააფუძნა, თავად ოქრუაშვილმა რამოდენიმე დღის წინ დატოვა.

ლიდერების განცხადებით, ახალი პარტიის თავჯდომარის ვინაობა ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.

Civil.Ge © 2001-2024