კალანდაძე: თბილისი მზად არის ირანთან უვიზო რეჟიმისთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Oct.'10 / 19:43

საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება მოამზადა ირანთან, რომელსაც, სავარაუდოდ, მაშინ მოეწერება ხელი, როდესაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი თბილისში ჩამოვა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 18 ოქტომბერს.

"ირანთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვმართავთ. ამავდროულად, არის შემუშავებული ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი, რომელმაც შიდაუწყებრივი პროცედურები ჩვენი მხრიდან დაასრულა. ჩვენი მხრიდან მზაობა არსებობს, თუმცა, ველოდებით ფორმალურ ოფიციალურ ვიზიტს. თქვენ იცით, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება საქართველოში და შესაბამისად, ეს ფორმალიზებული იქნება, როდესაც მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს და მოაწერენ ამ ხელშეკრულებას ხელს,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როდესაც ეს ვიზიტი შედგება სწორედ მაშინ მოეწერება ამ ხელშეკრულებას ხელი,“ – განაცხადა კალანდაძემ.

როგორც საქართველოს მთავრობის ყოველკვირეულ, ინგლისურენოვან ელექტრონულ გამოცემაშია მითითებული, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტი 3-4 ნოემბერს იგეგმება. თუმცა, 18 ოქტომბერს ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ვიზიტის თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია.

"თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე დაიგეგმა ეს ვიზიტი, თუმცა რამდენიმე ობიექტური მიზეზის გამო გადაიდო,“ – განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავის ირანელ კოლეგას სექტემბერში ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა

Civil.Ge © 2001-2024