პარლამენტი მომდევნო ორ კვირაში მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მედიის მფლობელთა ვინაობას სრულიად გამჭირვალეს გახდის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 26 ოქტომბერს. მედია საშუალებების მფლობელთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, კერძოდ კი "რუსთავი 2"–თან და "იმედთან" მიმართებაში, საქართველოში დიდი ხანია დავის საგანს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება აქამდე თავს იკავებდა ამ საკითხის მოგვარებისგან, ხოლო პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 7 ოქტომბერს უარყო, რომ საქართველოში მედიის მფლობელობის გამჭირვალობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები არსებობს. 26 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში მედიის მფლობელობის გამჭირვალობის კუთხით დღემდე მოქმედი სტანდარტი საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება, თუმცა დასძინა, რომ მეტი გამჭირვალობაა საჭირო. "საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ არის მედია საშუალებების მფლობელი, რა ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის ადამიანი და ჯგუფი და როგორ ხდება მედია საშუალებების დაფინანსება,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ. "ეს არის ინიციატივა დემოკრატიული რეფორმების პაკეტიდან. ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში მედია დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისკენ,“ – დასძინა მან. ბაქრაძემ ინიციატივის დეტალებზე არ ისაუბრა, ვინაიდან შესაბამისი კანონპროექტი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა დასძინა, რომ ოფშორულ კომპანიებს ან აეკრძალებათ საქართველოში მედია ორგანიზაციის მფლობა, ან მოხდება მათი გასაჯაროება.
|
|||
Civil.Ge © 2001-2025