ახლადშექმნილმა ქართულმა პარტიამ განაცხადა 27 ოქტომბერს, რომ ყოფილი სახალხო დამცველის და ამ პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებლის სოზარ სუბარის ძმის დაკავება ”პოლიტიკური ანგარიშსწორება და შანტაჟია”. ვახტანგ სუბელიანი რამოდენიმე სხვა პირთან ერთად 26 ოქტომბერს დააკავეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა “ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების“ გამო, რითიც მათ "სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“. ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში მომუშავე ოთხი კომპანიის თანამშრომლები და ექვსი ინდივიდუალური მეწარმე დააპატიმრეს. შსს–ს ცნობით, სუბელიანი და ის კომპანია, რომელთანაც ის ასოცირდება, რეალურ ფასზე ნაკლებს უთითებდნენ ანგარიშფაქტურებში. სამინისტრომ გამოაქვეყნა მოწმის ვიდეო–ჩვენება, სადაც იგი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ მისთვის მიცემულ ანგარიშფაქტურაში უფრო დაბალი ფასი იყო მითითებული, ვიდრე მან რეალურად გადაიხადა ბენზინში. ვახტანგ სუბელიანის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა 27 ოქტომბერს, რომ მისი კლიენტისთვის რაიმე ოფიციალური ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ და რომ ვახტანგ სუბელიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს. სოზარ სუბარმა, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან და კიდევ რამოდენიმე ოპოზიციურ ლიდერთან ერთად ცოტა ხნის წინ ქართული პარტია ჩამოაყალიბა. პარტია დამფუძნებელი ყრილობის გამართვას 24 ნოემბერს გეგმავს თბილისში. |
|||
Civil.Ge © 2001-2025