რუსეთს არ გააჩნია ინფორმაცია მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 საქართველოს მოქალაქის დაკავების დეტალების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 ოქტომბერს. "რამდენადაც მე ვიცი, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. ამის მეტი ჩვენთვის არაფერია ცნობილი,“ – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ამჟამად ვიეტნამს სტუმრობს. ინფორმაცია სავარაუდო ჯაშუშების დაკავების თაობაზე ”როიტერმა” პარასკევს საღამოს გაავრცელა, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაკეთდება. "როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან საქართველოში ჯაშუშთა ქსელის ჩამოყალიბებაში და რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში. 30 ოქტომბერს, სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იტყობინება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ეჭვმიტანილები აგროვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ. |
|||
Civil.Ge © 2001-2025