ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Nov.'10 / 13:17
  • ხელი მოეწერება უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას;
  • საქართველოს საგარეო უწყება: ირანთან ურთიერთობების გაღრმავება აშშ–ისთვის "გამაღიზიანებელ ფაქტორს“ არ წარმოადგენს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი საქართველოს 3–4 ნოემბერს ეწვევა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას უვიზო მიმოსვლის შესახებ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმშიც ჩავა და იქ ირანის საკონსულოს გახსნის.

ვიზიტის დროს მანუჩარ მოთაქი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს და პრეზიდენტ სააკაშვილს, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა 1 ნოემბერს, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ორმხრივი ვაჭრობის გაზრდაში და ტურიზმის ხელშეწყობაში.

"შესაბამისად, ჩვენ ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას ვცდილობთ და ამ მიზანს ემსახურება სწორედ უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების გაფორმება,“ – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ირანთან ურთიერთობების გაძლიერება "არავისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი“ არ არის, მათ შორის საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის და კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

"საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არიან სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფოები. შესაბამისად, ნებისმიერ მესამე სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, პირველ რიგში, გათვალისწინება ხდება სწორედ იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან გაგვაჩნია და მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე,“ – განაცხადა კალანდაძემ.

"ამავდროულად, ჩვენ დიდწილად - და ეს დაფარული არ არის - დამოკიდებული ვართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ მხარდაჭერაზე; შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ ჩვენ რაიმე სახით შეიძლება ამ ტიპის სტრატეგიულ თანამშრომლობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდეთ. მაშინაც კი როდესაც ჩვენ ურთიერთობას ვცდილობთ მესამე სახელმწიფოსთან, ამ ურთიერთობების დამყარება ხდება გამჭირვალედ, ღიად, ჩვენ მოკავშირეებთან მუდმივი დიალოგის ფარგლებში და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა მან.

"ჩვენ დაფარული ურთიერთობა არ გაგვაჩნია, მითუმეტეს ირანთან მიმართებაში. ჩვენ უბრალოდ ხაზს ვუსვამთ იმ გარემობას, რომ ჩვენ გვსურს ყველა დიდ და მითუმეტეს მეზობელ სახელმწიფოსთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა, როგორც პოლიტიკური, ისე ამავდროულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობა და ირანი არის ერთ–ერთი ძლიერი სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ ამ ურთიერთობებს ვცდილობთ,“ – განაცხადა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024