ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ”ისტორიული” ვიზიტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Nov.'10 / 23:57
  • უვიზო რეჟიმის შეთანხმება ხელმოწერილია;
  • ირანის საკონსულო ბათუმში;
  • მოთაქი: ეს ორი მოვლენა ვიზიტს ’ისტორიულს’ ხდის;
  • ვაშაძე: ’ურთიერთობებში უნდა იყოს ნული პრობლემები’;
  • ვაშაძის კომენტარი ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

თბილისის და თეირანის ”მყარი გადაწყვეტილებაა” ჰქონდეთ ორმხრივი თანამშრომლობა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, თბილისში 3 ნოემბერს თავის ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩარ მოთაქიმ საქართველოში ორდღიანი ვიზიტი 3 ნოემბერს დაიწყო. მან ოთხშაბათს საღამოს თავის ქართველ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.  4 ნოემბერს ის ბათუმში მიემგზავრება, სადაც ირანის საკონსულოს გახსნის.

თავის ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ეს ვიზიტი ”ისტორიული და დაუვიწყარია”, რადგან áƒ˜áƒ¡ აღინიშნება ორი მნიშვნელოვანი მოვლენით - სავიზო რეჟიმის გაუქმება და ბათუმში საკონსულოს ხელახლა აღდგენა - მისი თქმით ბათუმში ირანის საკონსულო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან არსებობდა, თუმცა ის 1927 წელს დაიხურა.

”ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და ნაყოფიერი მოლაპარაკებები... ჩვენ განვიხილეთ, როგორც ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები,” – განაცხადა მოთაქიმ, ვაშაძესთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

”გადაწყვეტილი გვაქვს რომ გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და თუ ჩვენ მოვიშველიებთ სტატისტიკას ვნახავთ, რომ გასულ წლებთან შედარებით ეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა დარგებში არის გაორმაგებული,” – განაცხადა მან.

"საქართველო უნდა იყოს ირანისთვის და ირანი საქართველოსთვის და ასე დაუკავშირდება შავი ზღვა სპარსეთის ყურეს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ კავშირებს,” – დასძინა მოთაქიმ.

”მინდა ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყანას მტკიცედ სჯერა, რომ მეზობლების ურთიერთობაში უნდა იყოს ნული პრობლემები და აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საქართველო–ირანის ურთიერთობებმა ეკონომიკურ სფეროში ბოლო დროს დიდი ნახტომი გააკეთა,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ირანი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის არ შედის. სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის, 2008 წელთან შედარებით, 2009 წელს 41.5%–ით შემცირდა და 36.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 41.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

როდესაც ვაშაძეს კითხეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოლიტიკურ ასპექტებზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: ”ჩვენი მყარი გადაწყვეტილებაა რომ გვქონდეს ორმხრივი თანამშრომლობა; ეს თანამშრომლობა არის კარგი საქართველოსთვის, კარგია ირანისთვის, კარგია მთელი რეგიონისთვის და ზოგადად პოლიტიკური კლიმატისთვის.”     

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანისთვის კავკასიაში მიმდინარე პროცესები ”ძალიან მნიშვნელოვანია” და რომ ირანი ამ პროცესებს ”მგრძნობიარედ ეკიდება”.

”ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ერთ–ერთი პრინციპი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეგიონში არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზებით მოგვარდება,” – განაცხადა მოთაქიმ.

”ირანი ყოველთვის გამოთქვამს თავის მზადყოფნას შეასრულოს როლი რეგიონში არსებული პრობლემატიკის გადაწყვეტაში,” – დასძინა მან.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისადმი მისი პოზიციის გამო.

ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბრისას, ვაშაძემ განაცხადა, რომ თეირანს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ამ უფლებასთან ერთად, ირანს ვალდებულებებიც გააჩნია.

”ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ნორმების და პროცედურების თანახმად, ნებისმიერი ბირთვული ობიექტი - არა მარტო ამ რეგიონში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - უნდა იყოს ამ სააგენტოს მკაცრი კონტროლის ქვეშ,” – განაცხადა ვაშაძემ.

იგი მიესალმა ნოემბრის შუა რიცხვებში 5+1-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების პერსპექტივას და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იქნება კარგი ირანისთვისაც, საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და მთელი ამ რეგიონისთვისაც.

5+1 ფორმატი მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს - ბრიტანეთი, რუსეთი, აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი - და გერმანიას.

Civil.Ge © 2001-2024