დოკუმენტური ფილმი ”ჯაშუშებზე”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Nov.'10 / 15:58

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა 5 ნოემბერს, პრაიმ-ტაიმში, გაუშვა დოკუმენტური ფილმი რუსულ ჯაშუშურ ქსელზე, რომელიც, შსს-ს მიხედვით, საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედებდა და რომელიც წევრებიც ოქტომბერში დააკავეს.

პირველი ცნობები ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ 29 ოქტომბერს გაჩნდა. პირველი ოფიციალური განცხადება საქმესთან დაკავშირებით ერთი კვირის შემდეგ, 5 ნოემბერს გაკეთდა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ”რუსთავი 2” აანონსებდა რომ გეგმავდა გაეშვა დოკუმენტური ფილმი რუსული დაზვერვის ”სრული ფიასკოს” შესახებ.

შსს-მ ”რუსთავი 2”-სთვის ხელმისაწვდომი გახადა არა მარტო საქმის ზოგიერთი მასალა, არამედ დოკუმენტური ფილმის ავტორებს საშუალება ქონდათ გადაეღოთ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამოდენიმე პირის ბათუმში დაკავებაც 15 ოქტომბერს.

30-წუთიანი ფილმის ცენტრალური ფიგურა არის ორმაგი აგენტი, მეტსახელად ”ენვერი”; შსს-ს ცნობით სწორედ მისი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში (გრუ) ჩანერგვის მეშვეობით გახდა შესაძლებელი ჯაშუშური ქსელის გამოვლენა და ამასთან რუსეთის დაზვერვის დაშიფრული მასალების გასაშიფრი საშუალებების ხელში ჩაგდება.

რუსულ ენაზე მოსაუბრე ”ენვერი”, რომლისგანაც დოკუმენტურ ფილმში ინტერვიუ საბჭოთა სიმბოლიკის ფონზე, ბნელ სტუდიაშია ჩაწერილი, რათა სახე არ გამოჩენოდა, ამბობს, რომ ის 80-ანი წლების ბოლოს საბჭოთა ჯარში მსახურობდა  ფოთში და სამხედრო დაზვერვასთანაც თანამშრომლობდა.

შსს-ს ცნობით 2006 წლის რუსეთ-საქართველოს ჯაშუშური სკანდალის შემდეგ, კონტრდაზვერვას არა ერთმა პიროვნებამ მიაკითხა, რომლებმაც უხცო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებზე მუშაობა აღიარეს. მაშინ ხელისუფლებამ ამინისტია გამოაცხადა მათთვის ვინც ნებაყოფლობით განაცხადებადა მათ კავშირებზე უხოურ დაზვერვასთან.

დოკუმენტური ფილმის თანახმად, ამ ტენდენციამ თბილისს დაანახა რუსული დაზვერვის საქართველოში საქმიანობის დიდი მასშტაბი და გადაწყდა მოეძებნათ ვინმე ვინც შეძლებდა რუსეთის ჯაშუშურ ქსელში შეღწევას. მაშინ არჩევანი სწორედ ”ენვერზე” შეჩერდა, ნათქვამია ფილმში.

”თავდაპირველად ვყოყმანობდი, თუმცა ბოლოს თანხმობა განვაცხადე, რადგან მე ყოველთვის სამშობლოს ვემსახურებოდი - თავიდან ეს საბჭოთა კავშირი იყო, ხოლო შემდეგ საქართველო,” ამბობს ფილმში ორმაგი აგენტი.

მისი თქმით ის თავის ”ძველ ნაცნობებს” რუსეთის სამხედრო დაზვერვაში იმ საბაბით დაუკავშირდა რომ თითქოს სურდა საბჭოთა ჯარში მსახურობისთვის პენსია აღედგინა. მისი თქმით ის შეუთანხმდა შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის ქალაქში შედგა, უკრაინის საზღვართან. დოკუმენტური ფილმის თანახმად იქ ”ენვერი” გრუ-ს სამ აგენტს შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი, მისი თქმით, იყო სერგეი აკიმოვი.

აგენტებმა, მისი თქმით, შეასწავლეს რუსული დაზვერვის სპეციალირუ აპარატურის, კოდური სისტემების, სპეციალური კომპიუტერული პროგრამების და დაშიფრული მასალების გასაშიფრი საშუალებების გამოყენება.

სამი დღის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებამდე, ფილმის მიხედვით, ”ენვერს” შეხვდა იური ჟილინი, რომელიც მოხსენიებულია როგორც გრუ-ს მაღალჩინოსანი კრასნოდარის მხარეში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ორმაგი აგენტი რეგულარულ კავშირზე იყო თავის მეკავშირეებთან გრუ-დან. ინფორმაციის გაცვლა, ფილმის მიხედვით, ხდებოდა სპეციალური დაშიფრული ტექსტების, ფოტო და ვიდეო ფაილების მეშვეობით, რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იგზავნებოდა და რომლის გაშიფვრასაც სპეციალური კოდები, მრავალი პაროლის და სპეციალური კომპიუტერული პროგრამები ჭირდებოდა. ამ პროცესში, საქართველოს კონტრდაზვერვისთვის ხელმისაწვდომი გახდა გრუ-ზე მომუშავე საქართველოს სხვა მოქალაქეების ვინაობა და ასევე შესაძლებელი გახდა ერთი გრუ-ს მეკავშირე ოფიცრის, იური სკრილნიკოვის, გამომჟღავნება, ნათქვამია ფილმში.

დოკუმენტური ფილმის თანახმად, სკრილნიკოვი საქართველოში 2010 წლის მაისში ჩამოვიდა რათა ორმაგ აგენტს შეხვედროდა; თუმცა ის კონტრდაზვერვამ ბათუმში დააკავა.

რაც ფილმში არ არის ნათქვამი არის ის რომ სკრილნიკოვს ბრალი ყალბი ფულის დამზადებასა და გავრცელებისთვის წაუყენეს. მასთან ერთად რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე და ერთიც საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სამივე მათგანი წარსულში ბათუმის რუსულ ბაზაზე მსახურობდნენ. 7 ოქტომბერს სასამართლომ ბათუმში ისინი დამნაშავედ ცნო ყალბი ფულის დამზადება-გავრცელებაში და სკრილნიკოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დანარჩენ ორს ექვს-ექვსი წელი. 13 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ განაჩენი კიდევ ერთი ”პროვოკაცია” იყო მიმართული რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში ბათუმის რუსულ ბაზაზე მსახურობდნენ. სკრილნიკოვი იმ 13 პირს შორის არის, რომლთა ვინაობაც საქართველოს შსს-მ 5 ნოემბერს გამოაცხადა და რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.

ორმაგი აგენტი ”ენვერი” ფილმში ყვება, რომ გრუ-ს მისგან ”ძალიან აინტერესბდა” ინფორმაციის მიღება ისეთ საკითხებზე როგორც იყო ქართულ პორტებსი დასავლეთის ქვეყნების საბრძოლო ხომალდების ვიზიტები; საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის დასავლელი პარტნიორების მიერ ჩატარებული წვრთნები; პორტების დაცვის გეგმა; სახმელეთო ჯარების სტრუქტურა და მათი დისლოკაციის ადგილები. მისი თქმით ყველა ინფორმაცია, რომელსაც ის გრუ-ს უგზავნიდა ჯერ საქართველოს კონტრდაზვერვასთან თანხმდებოდა.

დოკუმენტურ ფილმში ასევე გამოყენებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების, მი-8 ტიპის ვერტმფრენის მფრინავის, მერაბ უსტალიშვილის, ინტერვიუც. უსტალიშვილი იმ ექვს მფრინავს შორის არის, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უსტალიშვილი ყვება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მას გრუ-დან თხოვეს მიეწოდებინათ ინფორმაცია თუ სად იყო გადამალული ქართული ვერტმფრენები. მისი თქმით მან უთხრა რომ სავარაუდოდ ბორჯომის ხეობაში. ის იხსენებს, რომ როდესაც ომის დროს შეიტყო რომ ბორჯომის ხეობაში ფართომასშტაბიანი ხანძარი მძვინვარებდა, გააცნობიერა, რომ ეს შესაძლოა მის მიერ რუსეთის დაზვერვისთვის მიწოდებული ინფორმაციის შედეგი ყოფილიყო.

დოკუმენტური ფილმის დასასრულს, მთხრობელი ამბობს, რომ ჯაშუშური ქსელი გამოსავლენად ჩატარებული ”უპრეცენდენტო ოპერაცია ახალ ფაზაში შედის.” ამის შემდეგ ნაჩვენები იყო შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ორჯონიკიძის, განცხადება სადაც ის ამბობს, რომ ძალაში რჩება საქართველოს ხელისუფლების მიერ 2006 წელს დადებული პირობა, რომ ის პირები ვინც ნებაყოფლობით გამოცხადდებიან და აღიარებენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან კავშირს განთავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან.

Civil.Ge © 2001-2024