ბაქრაძემ და ალასანიამ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების დაწყება განიხილეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Nov.'10 / 22:48

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 8 ნოემბერს ოპოზიციური პარტია ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა, რომლის დროსაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი განიხილეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ბაქრაძის და ალასანიას პრესსამსახურებმა გვიან საღამოს გაავრცელეს.

”ირაკლი ალასანია და დავით ბაქრაძე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში დაინიშნოს შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით,” – ნათქვამია ”თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაკო ავალიანმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ ამ შეხვედრის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები იმ დანარჩენი შვიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც, ”თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად ოქტომბერში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ერთობლივი წინადადებები წარმოადგინეს.

მოლაპარაკებებს, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება, შესაძლოა არ შეუერთდეს ”ეროვნული ფორუმი” - რვა ოპოზიციურ პარტიათაგან ერთ-ერთი, რომელიც თვეების განმავლობაში აქტიურად ეწეოდა კამპანიას ერთობლივი, ოპოზიციური წინადადებების შესამუშავებლად.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ გასულ კვირაში ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში განაცხადა, მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ მისმა პარტიამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს მაშინ როდესაც ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი წევრი პატიმრობაში რჩება.

პარტიის აქტივისტი, ზაზა ჭაკვეტაძე ოქტომბერში, ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრეთა აქციაზე მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს. ”ეროვნული ფორუმი” მას ”პოლიტიკურ პატიმრად” მიიჩნევს.

Civil.Ge © 2001-2025