საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებები იწყება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Nov.'10 / 17:38

ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების პირველი შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობისა და გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ხვალ პარლამენტში გაიმართება, სადაც შეთანხმდება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება შემდგომი პროცესი.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ "ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას“ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან 10 ნოემბერს 15 საათისთვის პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდა.

“პირველ შეხვედრას ვთავაზობ რომ შედგეს პარლამენტში, შემდეგ უკვე ჯგუფი ჩამოყალიბდება რა ფორმატით, რა ფორმით და რა მოდალობებით გააგრძელებს მუშაობას,“– განაცხადა მან საგანგებო ბრიფინგზე 9 ნოემბერს.

მან ასევე განაცხადა, რომ მიესალმება  "ღია და გამჭირვალე“ პროცესში საერთაშორისო  და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობას,  თუმცა "მთავარი მოთამაშეები ამ პროცესში უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები“.

“ჩვენ ვიწყებთ ძალიან ხანგრძლივ, რთულ და ფაქიზ პროცესს, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს პოლიტიკურ კომპრომისამდე,“– განაცხადა ბაქრაძემ და აქვე დასძინა, რომ მოლაპარაკებების ვადა ბუნებრივად შემოსაზღვრულია, რადგან 2012 წლის არჩევნებამდე უნდა გატარდეს ცვლილებები.

მისი თქმით, ამ პროცესში "მზა წინაპირობებით და დოკუმენტებით ჩართვა არასწორი იქნება“, მაგრამ "ჩვენ ვიქნებით ღია ნებისმიერი წინადადებების განსახილველად“.

ამ განცხადებას წინ უძღოდა დღეს გამართული შეხვედრა რვა პარტიის წარმომადგენლებს შორის, რომლის ფარგლებშიც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დანარჩენ შვიდ პარტიას გააცნო იმ შეხვედრის დეტალები, რომელიც მან გუშინ მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე დავით ბაქრაძესთან გამართა. ამ საკითხზე ბაქრაძეს 8 ნოემბერს ასევე შეხვდა დეპუტატი ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძე.

ალასანია მიესალმა ბაქრაძის განცხადებას მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღის გამოცხადების თაობაზე და აღნიშნა, რომ მასში მონაწილეებს ექნებათ იმ რვა პარტიის "პოლიტიკური მანდატი“, რომელთაც სარჩევნო რეფორმაზე  ერთობლივი წინადადებები წარმოადგინეს ოქტომბერში.

პირველ ეტაპზე მოლაპარაკებების მაგიდას არ მიუსხდებიან რვა პარტიათაგან ერთ–ერთი პოლიტიკური ძალის – ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები, რადგან ამ პროცესში უშუალოდ ჩართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ მაშინ, როცა მათი პარტიის ერთ–ერთი წევრი, ზაზა ჩაკვეტაძე, რომელიც გასულ თვეში აქციაზე დააკავეს, áƒžáƒáƒ¢áƒ˜áƒ›áƒ áƒáƒ‘აში რჩება.

“ვინც იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან, მათ ექნებათ ეროვნული ფორუმის მანდატი,“– განაცხადა ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ.

ალასანიას განცხადებით, თუ ეროვნული ფორუმი არ იქნება უშუალოდ ჩართული ამ პროცესში, რომელიც მისი თქმით, "კონკრეტული და შედეგიანი“ უნდა იყოს, ეს მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის. 

 

Civil.Ge © 2001-2024