ზურაბიშვილი პოლიტიკიდან წავიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Nov.'10 / 11:28

საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 11 ნოემბერს პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა  – ოპოზიციაში 5–წლიანი ყოფნის შემდეგ.

“ამ ქვეყანაში დღეს არ არსებობს ის მინიმალური დემოკრატია, რომ ოპოზიციამ იარსებოს... საერთოდ ჩაკლეს, დემოკრატიის ნასახიც აღარ არის... ოპოზიციონერობა ასეთ პირობებში ნიშნავს, რომ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ხელისუფლების ილუზიებში და ტყუილში,“ – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში „ტაიმ–აუტს“ იღებს.

“მართალია მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები. ვისაც ნაადრევად გაეხარდა ჩემი წასვლა, იმას შეიძლება არ გაუხარდეს ჩემი დაბრუნება და ამ დაბრუნების დრო მოვა,“– განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოდან 1921 წელს პარიზში ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული 58 წლის სალომე ზურაბიშვილი  საქართველოში საფრანგეთის ელჩი იყო, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილისაგან 2004 წლის მარტში მიიღებდა შეთავაზებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დაკავების შესახებ. ამ უწყებაში მუშაობის მის ყველაზე აღსანიშნავ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.

2005 წლის ოქტომბერში მმართველი პარტიის დეპუტატებთან დაპირისპირების შედეგად, ზურაბიშვილი თანამდებობიდან გაუშვეს, რის შემდეგაც მან დააფუძნა ოპოზიციური პარტია საქართველოს გზა. ზურაბიშვილმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი პარტია, რომელიც თბილისის საკრებულოში ერთი წევრითაა წარმოდგენილი, დარჩება ქართულ პოლიტიკაში და მას კახა სეთურიძე უხელმძღვანელებს.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მუშაობას გააგრძელებს გაეროში, როგორც მან თქვა, უშიშროების საბჭოს მიერ ირანთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად. თუმცა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ის დროებით ტოვებს პოლიტიკას და არა იმას, თუ სად აგრძელებს მუშაობას. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვარდების რევოლუციის მოლოდინების გამართლება.

 

Civil.Ge © 2001-2024