საქართველო ნატოს ლისაბონის სამიტის დეკლარაციაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Nov.'10 / 01:46

ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მსგავსად, ალიანსის ლიდერთა ლისაბონის სამიტის შემაჯამებელი დეკლარაციაც საქართველოსთან მიმართებაში ადასტურებს, რომ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ძალაში რჩება.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ძალაში რჩება ყველა სხვა გადაწვეტილებაც, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის შემდეგ იქნა მიღებული. მათ შორის არის შარშანდელი, სტრასბურგსა და კელში გამართული სამიტის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, კვლავაც რჩება იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა.

ძირითად საკითხებში, საქართველოსთან მიმართებაში, ლისაბონის სამიტის დეკლარაცია იმეორებს შარშანდელი სამიტის საბოლოო დოკუმენტის ფორმულირებებს და კვლავ მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს ”საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწვეტილება.”

დეკლარაცია ასევე მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატოს სურს ”ჭეშმარიტად სტრატეგიული პარტნიორობა” რუსეთთან.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტები ”კვლავ რჩება ალიანსის დიდი შეშფოთების საგანი.”

”ჩვენ ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით საქართველოს გააგრძელოს ყველა ის აუცილებელი რეფორმა, კერძოდ დემოკრატიული, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით რეფორმები, რომლებიც დაეხმარება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას,” – ნათქვამია დეკლარაციაში.

Civil.Ge © 2001-2024