თბილისელებისთვის წყლის ტარიფი იზრდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Nov.'10 / 18:55

თბილისის ერთ სულ მოსახლეზე წყლის ტარიფი 0.75 ლარით გაიზრდება და 3.15 ლარს მიაღწევს. ეს გადაწყვეტილება 1 დეკემბრიდან შევა ძალაში და 2015 წლამდე აღარ შეიცვლება.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და თბილისის მერი გიგი უგულავა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ტარიფი არ გაეზრდება და კვლავ 2.40 ლარი დარჩება დედაქალაქის იმ მაცხოვრებლებს, რომელთაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.  

“ამ გადაწყვეტილებით თბილისის წყლის მომარაგების კომპანიას მოტივაცია უჩნდება იმ უბნებში, სადაც წყლის მომარაგება არ არის 24 საათიანი, მოხდეს ინფრასტრუქტურის გამოცვლა, გაუმჯობესება და შემდეგ 24 საათიან მომარაგებაზე გადასვლა,“– განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა.

ამას გარდა, დაახლოებით 105 ათასი სოციალურად დაუცველი თბილისელი ტარიფის ნახევარს გადაიხდის, მეორე ნახევარს კი დედაქალაქის მერია დაფარავს.

ორგანიზაციებისა და საწარმოებისთვის ტარიფი არ შეიცვლება და კუბურ მეტრზე კვლავ 4.4 ლარი იქნება.

ბოლოს áƒ—ბილისელებს წყლის ტარიფი 2007 წლის იანვარში გაუორმაგდა. ამის შემდეგ კომპანია თბილისის წყალი გაიყიდა და ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ 2010 წლიდან ტარიფს ერთ სულ მოსახლეზე 2.95 ლარამდე გაზრდიდა.

 

Civil.Ge © 2001-2024