ბაქრაძე თბილისში აფეთქებებს "გარე ძალებს“ უკავშირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Nov.'10 / 11:29

28 ნოემბერს თბილისში მომხდარი ორი აფეთქება, რომელსაც ერთი ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა, იყო გარე ძალების მცდელობა საქართველო არასტაბილურ ქვეყნად წარმოეჩინათ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ორშაბათს.

“ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან დაინტერესებული ძალები, რომელთაც საქართველოს არასტაბილურ სახელმწიფოდ წარმოჩენა სურთ, ამ ძალებს სხვა აღარაფერი დარჩენიათ, გარდა მსგავსი ფიზიკური შეტევებისა. მათ იმედგასაცრუებლად მინდა ვთქვა, რომ ამის გაკეთების უფრო და უფრო ნაკლები შანსი აქვთ,"– განაცხადა დავით ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას.

შსს–მ  28 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისში მომხდარი ორივე აფეთქებისთვის – ერთი ლეიბორისტული პარტიის ოფისთან, ხოლო მეორე დაახლოებით საათნახევარში მუხიანის დასახლებაში განხორციელდა – გამოყენებული იყო ერთი და იმავე ტიპის ჯერჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი ნივთიერება, თუმცა შსს–ს განცხადებით, აფეთქების სხვა დეტალების გარკვევას გარკვეული დრო ესაჭიროება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ორივე აფეთქების გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ”გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქებას და ამით შეგნებულად სიცოცხლისათვის, ჯამრთელობისათვის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნას.”

Civil.Ge © 2001-2024