სააკაშვილი: ძალიან ბევრი ხარვეზია სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობებში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Dec.'10 / 19:29

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობებში "ძალიან ბევრი ხარვეზი“ არსებობს, რასაც გამოსწორება სჭირდება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ ყველანაირი რეიტინგებით და რეპუტაციით შთამბეჭდავი წინსვლა აჩვენა ბიზნეს–გარემოს გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჯერ ძალიან ბევრი ხარვეზია დარჩენილი სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობებში, ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს... აქვს განცდა, რომ მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა სახელმწიფო, ჯერაც ხშირია შემთხვევა, როცა სასჯელი უფრო დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა იმსახურებს,“– განაცხადა მან. 

“მეწარმეებს ხშირად სამართლიანად უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ ბიზნეს–გარემო კიდევ უფრო უკეთესი იყოს. ამის გამო უამრავ საქმიან ადამიანს დაკარგული აქვს სტაბილურობის შეგრძნება და თავს არიდებს ბიზნესის რისკებს, შესაბამისად, არ ახდენს ახალი კაპიტალის ინვესტირებას ბიზნესის გაფართოვებაში, არ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და უამრავი სხვა ხალხი, რომელსაც შეეძლო ადრე დაეწყო, არ იწყებს ბიზნესს იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია მათ წარმოდგენაში დამცირებასთან,“– აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პარტიამ ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ 30 ნოემბერს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში მოუწოდა მას შეაჩეროს "სახელისუფლებო აგრესია ქართული ბიზნესის წინააღმდეგ“.

ლილოს საბაჟო გაფორმების ახალი áƒ”კონომიკური ზონის გახსნისას პირდაპირ სატელევიზიო ეთერში საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „სამართლიანი ეკონომიკური გარემოს“ უზრუნველყოფის გზით „უნდა გამოვაღვიძოთ მეწარმის სულისკვეთება“, რათა შეიქმნას "ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი". 

“დღეს ჩვენ ვაცხადებთ ეკონომიკის ახალ კურსს, რომლის მიზანია არსებული ხარვეზების სრულად დაძლევა და გაცილებით უკეთესი ბიზნეს–გარემოს შექმნა საქართველოში,“– აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა „ეკონომიკის ახალ კურსის“ შემადგენელ ნაწილად გამოაცხადა ახალი საგადასახადო კოდექსის ის დებულებები, რომელიც უკვე დაამტკიცა პარლამენტმა და ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შევა;  ასევე ახალი კვალიფიციური კადრების მომზადება და ძველების გადამზადება; ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც "მკვეთრად გაამარტივებს პროცედურებს, შეამცირებს ბიუროკრატიას და მომსახურების ვადებს დაიყვანს მინიმუმდე“.

მისი თქმით, საბაჟოზე იმოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი; ასევე "მინიმუმ“ განახევრდება განბაჟების მომსახურების ტარიფი და შეადგენს 200 ლარს; და შემცირდება მომსახურების დრო.

"მაგალითად, განბაჟების პროცედურის სრული ციკლის დასრულება მაქსიმუმ შესაძლებელი უნდა იყოს ერთ საათში,“– დასძინა მან და შეაქო საგადასახადო სამსახურები, რომელიც áƒáƒ“რე "აუღებელი ციხე–სიმაგრე იყო“.

Civil.Ge © 2001-2024