ბაღაფში და კოკოითი მზად არიან ძალის არ გამოყენების ვალდებულება აიღონ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Dec.'10 / 18:44

6 დეკემბერს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა განაცხადეს, რომ მზად არიან აიღონ ვალდებულება თბილისის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების თაობაზე, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში, თავდაცვის უფლებას დაიტოვებენ.

“მინდა ოფიციალურად განვაცხადო აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით: საქართველოსთან ურთიერთობებში აფხაზეთი აპირებს მყარად დაიცვას ზოგადად აღიარებული პრინციპი ძალის გამოყენების და ძალის მუქარის აკრძალვაზე,“– აცხადებს ბაღაფში და აქვე დასძენს: "ჩვენ გვინდა მათთან [თბილისთან] თაბარუფლებიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობების აწყობა“. 

“მე, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური, ოფიციალურად ვაცხადებ: ჩვენი სახელმწიფო არ გამოიყენებს ძალას საქართველოს, მისი მოსახლეობის, ტერიტორიის, შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ,“– განაცხადა კოკოითმა, "ჩვენ გვინდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი, რომელიც მშვიდობით იცხოვრებდა თავის მეზობლებთან და რომელშიც მშვიდობიანად თანაიარსებებდნენ ოსები, ქართველები, რუსები და სხვა ეროვნების მოქალაქეები“.

სეპარატისტი ლიდერების მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებული ცალკ–ცალკე, თუმცა შინაარსობრივად მსგავსი განცხადებები ეხმაურება პრეზიდენტ სააკაშვილის ცალმხრივ პირობას ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენის თაობაზე უარის თქმის შესახებ. 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იტოვებს თავდაცვის უფლებას. 1 დეკემბერს ეუთოს ასტანას სამიტზე თავის სიტყვაში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალის არგამოყენების თაობაზე საქართველოს პირობის ამსახველი წერილები ეუთოს, გაეროს და ნატოს გენერალურ მდივნებს, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის და აშშ–ს პრეზიდენტებს უკვე გაუგზავნა.

მის ამ ინიციტივას საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი მიესალმა; მოსკოვმა კი áƒ¡áƒ™áƒ”პტიკური შეფასებები გააკეთა, განაცხადა რა რომ მხოლოდ მაშინ ირწმუნებს ამ პირობას, რაც ის იურიდიულ ძალას შეიძენს. 

ბაღაფში და კოკოითი თავიანთ განცხადებებში ასევე აღნიშნავენ, რომ ისინიც არ ენდობიან სააკაშვილის განცხადებებს. 

"ძნელია მათი სერიოზულად განხილვა,“– აცხადებს კოკოითი და იქვე აღნიშნავს, რომ "სააკაშვილი აგრძელებს სამხედრო რევანშის გეგმების დამუშავებას“.

“განსაკუთრებით "ცინიკურად“ გამოიყურება საქართველოს ხელმძღვანელობის "მშვიდობისმოყვარე“ განცხადება აფხაზეთის ჰუმანიტარული და ეკონომიკური ბლოკადის აგრესიული მოქმედებების ფონზე,“– აცხადებს ბაღაფში.

ორივე ლიდერი ხაზს უსვამს, რომ სეპარატისტული რეგიონების უსაფრთხოების მთავარი გარანტორი რუსეთია და ამბობს, რომ მოითხოვენ ძალის არ გამოყენების ვალდებულებისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას ჟენევის დისკუსიების ფორმატში.

განსხვავებით კოკოითისაგან, ბაღაფში თავის განცხადებაში აკონკრეტებს, რომ "ჩვენ áƒ›áƒ–ად ვართ დავთანხმდეთ რუსულ იდეას დაინტერესებული ქვეყნების მიერ პარალელურ ცალმხრივ განცხადებებზე“ ძალის არ გამოყენების  თაობაზე.

მოსკოვი დიდი ხანია - ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე და მის შემდეგაც - მოითხოვდა ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერას თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. რუსეთის ერთ–ერთი ბოლო შემოთავაზება გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ "ცალმხრივი დეკლარაციების“ ხელმოწერას თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ. თავად რუსეთი უარს ამბობს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, რადგანაც თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს. სააკაშვილის განცხადება ევროპარლამენტში უფრო ახლოსაა მოსკოვის ამ ბოლო წინადადებასთან.

Civil.Ge © 2001-2024