შსს–მ 'ტერორისტული აქტები' რუსეთს დაუკავშირა, ბრალდებულების ნაწილი დააკავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Dec.'10 / 14:39

შსს–მ 7 დეკემბერს განაცხადა, რომ 2010 წლის სექტემბერ–ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული "ტერორისტული აქტების სერიის“ ორგანიზებაში, რუსი ოფიცრის დაკვეთით მოქმედი ექვსი პირი 4 დეკემბერს დააკავა, ხოლო დანარჩენ ორზე ძებნა გამოაცხადა.

შსს–ის ცნობით, საუბარია 22 სექტემბერს თბილისში აშშ–ს საელჩოს სიახლოვეს მომხდარ აფეთქებაზე; 21 ოქტომბერს – თბილისის რკინიგზის სადგურთან ორ აფეთქებაზე; 2 ოქტომბერს – ხობის რაიონში ჭალადიდის სარკინიგზო ხიდზე აფეთქების მცდელობაზე; 28 ნოემბერს მუხიანსა და ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარ აფეთქებებზე. ამ უკანასკნელს ერთი ქალბატონი ემსხვერპლა.

შსს–ის ცნობით, დაკავებულ ექვს პირს შორისაა: გალის რაიონის მკვიდრი გოგიტა არქანია - აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე; ჯონი აბულაძე და მარიამ ნიკოლავა - თანამონაწილეეები, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველ-გადამზიდავები; გოჩა ხურცილავა - მძღოლის ფუნქციის შემსრულებელი; გოდერძი არქანია და ლელა ხურცილავა – áƒ—ანამონაწილეები.

ორი პირი, შსს–ის თანახმად, აფეთქებების ორგანიზატორები და შემსრულებლები მერაბ ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოია“ და მუხრან ცხადაია, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული, ამჟამად თავს გალის რაიონს აფარებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფეთქებებზე დავალებებს, ასაფეთქებელი ნივთიერებებს და შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურებას ისინი იღებდნენ აფხაზეთში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრისგან, ევგენი (ჟენია) ბორისოვისგან.

"ეს კავშირი სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება,“– განაცხადა მან, "დადგენილია, რომ ყოველი აფეთქების წინ და შემდეგ ბორისოვს ტელეფონით ან უშუალოდ ატყობინებდნენ ოპერაციის მომზადებას და ასევე შესრულებას. სატელეფონო ნომერი, რომელსაც ეჭვმიტანილებთან კავშირისთვის იყენებდა ბორისოვი, დარეგისტრირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელზე“.

ზღულაძის ინფორმაციით, მაიორი ბორისოვი 2008 წლის მარტ–ოქტომბერში მსახურობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში áƒ“ისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხრეთი ზონის შტაბის უფროსის მოადგილედ.

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მხარესთან და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურების მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება საქმეში მონაწილე სხვა პირების და მოწმეების დაკითხვის,“– განაცხადა მან ბრიფინგზე.

იმადროულად შსს–მ გაავრცელა დაკავებული პირების აღიარებითი ვიდეო–ჩვენებები და ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამსახველი კადრები.

შსს–ის ცნობით, აღმოჩენილია 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის, ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში – ტყვიის გულები.

“სულ ამოღებულია 10 კილოგრამი. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი,“– განაცხადა შსს–მ.

 

 

Civil.Ge © 2001-2024