სააკაშვილი: ძალიან სერიოზული ტერორისტული აქტების თავიდან აცილება მოვახერხეთ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Dec.'10 / 17:56

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 7 დეკემბერს, რომ საქართველოში ბოლო დროს მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილი ექვსი პირის დაკავებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს "ძალიან სერიოზული ტერორისტული აქტების თავიდან აცილება“.  

"საქართველოს პოლიციამ დააკავა საშიშ დანაშაულში ეჭვმიტანილთა ჯგუფი, რომელსაც რამდენიმე ძალიან საშიში აქტის განხორციელებაში ედება ბრალი, კერძოდ, აფეთქებებში საქართველოს რკინიგზაზე, აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისის წინ, რომელსაც ადამიანი ემსხვერპლა,“ – განაცხადა სააკაშვილმა მექსიკაში გამგზავრებამდე გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარში.

"ჩვენი სამართალდამცავების ხელთ არსებული ყველა მასალა, მიუთითებს იმას, რომ ეს პირები ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქმედებდნენ,“ – განაცხადა მან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი სეპარატისტულ აფხაზეთში მომუშავე რუსი სამხედრო ოფიცრის მითითებებით მოქმედებდა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამოღებული მასალები, მათ შორის ერთ–ერთი ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, მიანიშნებს იმაზე, რომ "ჩვენ ძალიან სერიოზული ტერორისტული აქტების თავიდან აცილება მოვახერხეთ“. 

"ეს ტერაქტები წინასწარ იყო მომზადებული და მათ განსახორციელებლად დაკავებულებს მიღებული ქონდათ როგორც ინსტრუქციები, ისე ასაფეთქებელი მასალები. ოპერატიული რეაგირებისათვის, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩვენს პოლიციელებს და მოვუწოდებ მათ, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ მუშაობა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024