პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Dec.'10 / 17:23

2011 წლის ბიუჯეტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 17 დეკემბერს დაამტკიცა, შემოსავლები 5.955 მლრდ ლარით, ხარჯები კი – 5.734 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

2010 წელს ეს მონაცემები, შესაბამისად, 5.363 მლრდ ლარი და 5.607 მლრდ ლარი იყო.

მომავალ წელს საგადასახადო შემოსავლების სახით ბიუჯეტში 5.300 მლრდ ლარია დაგეგმილი, áƒ’რანტების საერთო მოცულობა 355.8 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო პრივატიზაციიდან, დაახლოებით, 150 მლნ ლარია მოსალოდნელი. 

მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 4.5%–იან ზრდასა და ინფლაციის 7%–იან მაჩვენებელზეა გათვლილი, მიუხედევად იმისა, რომ ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა წელს ორნიშნა ნიშნულს მიღწია. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, ეს "კონსერვატიული“ დაგეგმვაა. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები, 6.3%–იან ზრდას პროგნოზირებენ მომავალი წლისთვის. 

მინისტრის განარტებით, 2010 წლის 6%–იანმა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას საშუალება მისცა, რომ მომავალი წლისთვის დეფიციტი 4.3%–მდე შეემცირებინა.

ამასთან, ბაინდურაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ სახელმწიფოს საგარეო და საშინაო ვალმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2010 წელს "მაქსიმალურ ნიშნულს“ – 46%–ს მიაღწია და ეს თანაფარდობა უცვლელი დარჩება 2011 წელსაც.

სამინისტროებისთვის გათვალისწინებულმა დაფინანსებამ, ოქტომბერსა და ნოემბერში წარდგენილ საბიუჯეტო მონაცემებთან შედარებით, გარკვეული კორექტივები განიცადა (მაგალითად, თითქმის ექვსჯერ გაიზარდა ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება) და საბოლოოდ, შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.604 მლრდ ლარი (2010 წ - 1.609 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 661 მლნ ლარი (2010 წ – 749.5 მლნ ლარი; 2009 წ - 879 მლნ ლარი; 2008 წ - 1.547 მლრდ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 566 მლნ ლარი (2010 წ – 550 მლნ ლარი; 2009 წ - 573 მლნ ლარი; 2008 წ - 739 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 202.3 მლნ ლარი (2010 წ – 317.7 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 116.4 მლნ ლარი (2010 წ – 71.2 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 864 მლნ ლარი (2010 წ - 689.4 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 204.7 მლნ ლარი (2010 წ - 199.3 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 68.7 მლნ ლარი (2010 წ - 47.5 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 105.5 მლნ ლარი  (2010 წ - 125.3 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 73.2 მლნ ლარი (2010 წ – 69.2 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 553.8 მლნ ლარი (2010 წ - 552.7 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 53 მლნ ლარი (2010 წ - 57 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  35 მლნ ლარი (2010 წ – 31 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 69.1 მლნ ლარი (2010 წ – 38.3 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 27.2 მლნ ლარი (2010 წ - 30 მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 30.3 მლნ ლარი (2010 წ - 39.6 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.7 მლნ ლარი (2010 წ - 1 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.2 მლნ ლარი (2010 წ - 2.2  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  923 ათასი ლარი (2010 წ - 950 ათასი ლარი).

ბიუჯეტში "სხვა ხარჯების“ სახით 832.2 მლნ ლარია გათვალისწინებული.

50–50 მლნ ლარია გათვალისწინებული მომავალ წელს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებისთვის, ნაცვლად წელს არსებული 55–55 მლნ ლარის. ამასთან, მცირედით შემცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14.1 მლნ ლარამდე, ხოლო მთავრობის კანცელარიის - 8.5 მლნ ლარამდე.

საქართველოს პარლამენტი მომავალ წელს 40.1 მლნ ლარს მიიღებს. ანალოგიური დაფინანსება ჰქონდა საკანონმდებლო ორგანოს 2010 წელსაც, თუმცა ბოლო საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, მას, დაახლოებით, 3 მლნ ლარი ჩამოაკლდა.

ბიუჯეტის თანახმად, 2011 წელს ავტონომიური რესპუბლიკები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 842.5 მლნ ლარს მიიღებენ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, წლევანდელის მსგავსად, კვლავაც 8.8 მლნ ლარს მიიღებს ბიუჯეტიდან.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 100 მლნ ლარით დაფინანსდება, ნაცვლად წლევანდელი 240 მლნ ლარის; ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კვლავაც 40 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიას მომავალ, არასაარჩევნო წელს დაფინანსება 12.4 მლნ ლარამდე შეუმცირდება; აქედან 4.7 მლნ ლარი პარტიების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული, ნაცვლად წლევანდელი 5.4 მლნ ლარის.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 2.1 მლნ ლარია განსაზღვრული,  წელს არსებული 2.2 მლნ ლარის ნაცვლად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მომავალ წელს 25 მლნ ლარით დაფინანსდება. 2010 წელს მაუწყებლის დაფინანსებამ ჯამში 38.3 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს საპატრიარქოს მომავალ წელს საბიუჯეტო დაფინანსება 22.8 მლნ ლარამდე შეუმცირდება წლევანდელი 25.3 მლნ ლარიდან.

დებატები

საპარლამენტო ოპოზიციამ ბიუჯეტის მიღებას მხარი არ დაუჭირა სწორედ იმ მიმართულებების არასაკმარისი დაფინანსების გამო, რომლებიც ხელისუფლებამ საბიუჯეტო პრიორიტეტებად დაასახელა: ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა.

დეპუტატებმა ოპოზიციიდან კვალავ შეახსენეს მთავრობას პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირება, რომ 2009 წლისათვის პენსია 100 აშშ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო.

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2011 წელი მიჩნეულია საბიუჯეტოს სტაბილიზაციის წლად და საპენსიო ვალდებულებების შესრულება უკვე 2012 წლიდან არის ნავარაუდევი.

“სტაბილიზაციის კი არა, სტაგნაციის ბიუჯეტია, რომელიც კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ ჭაობში ჩაძირავს საქართველოს, ვიდრე იყო 2010 წელს,“– განაცხადა საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თავის გამოსვლაში.

მისი თქმით, ბიუჯეტის "შავ áƒ®áƒ•áƒ áƒ”ლებს“  ჯამში 100 მილიონ ლარიანი პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები წარმოადგენენ. მისი თქმით, ეს ფონდები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველა პენსიონერს 10 ლარით მომატებოდა პენსია და "საპენსიო უთანასწორობა“ აღმოფხვრილიყო თბილისსა და რეგიონებს შორის. მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ მხოლოდ თბილისელ პენსიონერებს გაეზარდათ პენსია 10 ლარით.

თარგამაძის თქმით, ხელისუფლება "იტყუება“, როცა აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობა საბიუჯეტო პრიორიტეტია, რადგან ამ სფეროს დაფინანსება მხოლოდ 0.3%–ს შეადგენს მშპ–სთან მიმართებაში, რომელიც ნომინალური 22.866 მლრდ ლარია 2011 წელს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარშვილმა თავის საპასუხო გამოსვლაში ყველა ეს პრეტენზიები უარყო. მისი თქმით, ახალი ბიუჯეტი "ხალხის დასაქმებაზე“ და ინვესტორების სანდოობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

“ეს ბიუჯეტი ფოკუსირებულია, რომ მომავალში იყოს უფრო მეტი ფული და უფრო ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს, ვიდრე დღეს დავხარჯოთ ყველაფერი, პოპულისტურად ვიღაცეებს თავი მოვაწონოთ და ხვალ გამოფხეკილი ბიუჯეტი და დანგრეული ეკონომიკა გვქონდეს,“– განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024