სააკაშვილი: "ინფლაციური პროცესები გაძლიერდება“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Dec.'10 / 16:50

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 17 დეკემბერს, რომ ინფლაციური ზეწოლა გაიზრდება, რასაც მან áƒ›áƒ—ავრობის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა უწოდა.

"ჩვენს ხალხს ყოველდღიურად 'კბენს' ფასები,“ – განუცხადა მან მთავრობის წევრებს სათაფლიის მღვიმეში áƒ’ამართულ სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

"მე არ მინდა ჩვენი ხალხი მოვატყუოთ. ინფლაციური პროცესები გაძლიერდება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 10.5% შეადგინა, მაშინ როცა ოქტომბერში მისი მაჩვენებელი 9.6%–ი იყო.  ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე 10.6%–მდე გაიზრდება.  

სააკაშვილის თქმით, ინფლაციის მაღალი დონე მსოფლიო ბაზარზე საკვების და საწვავის ფასების ზრდამ გამოიწვია. მან უარყო, რომ ეს მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ამგვარ განცხადებებს "პოპულისტური“ უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებებით "ჩვენს ხალხს შეცდომაში ვერ შეიყვანენ“.  

სააკაშვილმა დაავალა მთავრობას შეიმუშავოს "ღონისძიებების პროგრამა, რომელითაც ჩვენს ხალხს ინფლაციურ დარტყმას შევუმსუბუქებთ“.

"მართალია, ტარიფებს ვერ შევამცირებთ, რადგან ეს უკვე კომერციული ნაწილია, მაგრამ განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, შესაძლებელია, ვიფიქროთ რაიმე სახის კომპენსაციასა და სოციალურად დაუცველი ფენებისთვის მიზანმიმართულ დახმარებაზე,“ – განაცხადა მან.

დეკემბრიდან თბილისის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა, რასაც მოყვა მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის გაძვირებაც; ასევე მოსალოდნელია ტარიფების ზრდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე.  

Civil.Ge © 2001-2024