სააკაშვილი ბელარუსის არჩევნებს საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეაფასებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Dec.'10 / 14:26

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ოფიციალურად არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეაფასებს, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე 21 დეკემბერს.

"ინტერესი საკმაოდ დიდია. ჩვენთვის ცნობილია არჩევნების პირველადი, წინასწარი შედეგები, შესაბამისად ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას და ოფიციალური კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სწორედ ამ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი,“ – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ თბილისსა და მინსკს თანამშრომლობის ფართო წრე აკავშირებთ. 

"ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვისმენთ ყველა იმ შეფასებას, რომელიც კეთდება სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების, ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების მხრიდან, მათ შორის საინტერესოა ქართული სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელიც ამ დრომდე რჩება ბელარუსში, მინსკში და აგრძელებს თავის მისიას,“ – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

19 დეკემბერს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ხმების დაახლოებით, 80% ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო. არჩევნებს ბელარუსში საპროტესტო აქციები,  სამართალდამცავებთან შეტაკებები და მასობრივი დაკავებები, მათ შორის ოპოზიციონერი კანდიდატების დაპატიმრება მოჰყვა. 

ევროკავშირმა და აშშ–მ "მკაცრად დაგმეს" ბელარუსში მომხდარი "ძალადობა“. 

“ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების გუშინდელი შედეგები, როგორც ლეგიტიმური,“– განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ თავის წინასწარ დასკვნაში განაცხადა, რომ "საპრეზიდენტო არჩევნებმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ბელარუსს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე ის შეძლებს სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან, თუმცა ასევე აღინიშნა გარკვეული ცვლილებები უკეთესობისკენ“.

დსთ–ს სადამკვირვებლო მისიამ, "როიტერის“ თანახმად, განაცხადა ორშაბათს, რომ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურია.

Civil.Ge © 2001-2024