სააკაშვილი მესტიაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Dec.'10 / 17:20

მესტიაში სასტუმროების ასაშენებლად ინვესტორები მიწას სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიიღებენ, რათა დაჩქარდეს კურორტის განვითარება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში 24 დეკემბერს მესტიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე.

“გამკვირვებია რატომ სძინავს კერძო სექტორს... ეს არის ადგილი, სადაც სეზონი არის სულ და სადაც ყოველთვის უფრო მეტი მსურველია, ვიდრე არის ადგილი და ასე იქნება შემდგომი 20 წელიწადი,“– განაცხადა მან, „ყველას მოვუწოდებ, რომ სანამ ეს მიწა არის კიდევ და მიწა არის აქ ცოტა და თან ვაძლევთ ერთ ლარად, ყურები გამოიფხიკოს ყველამ, თვალები გაახილოს, ააშენოს და გამდიდრდეს“.  

სააკაშვილის თქმით, მესტიაში "არ ვაცხადებთ აქ თავისუფალ ტურისტულ ზონას“, როგორც ეს ქობულეთსა და ანაკლიაში ხდება, სადაც მიწის სიმბოლურ ფასად მიღებასთან ერთად სასტუმროების ბიზნესი 15 წლით თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისაგან.

“გადასახადებისაგან გათავისუფლება აქ [მესტიაში] ყველამ დაივიწყოს. პირიქით, ეს იქნება გადასახადების შემომტანი ერთ–ერთი მთავარი ობიექტი,“– განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მესტიაში, რომელიც "ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც შვეიცარიის და ავსტრიის საუკეთესო კურორტები“, ოთხ წელიწადში ტურისტების რაოდენობა "მინიმუმ“ ნახევარ მილიონამდე გაიზრდება წლევანდელი 30 ათასიდან.

“აქაურობის პოტენციალი არის უფრო მეტი, ვიდრე მთელი ამიერკავკასიის ერთად აღებული,“– განაცხადა სააკაშვილმა.

დღესვე მან მესტიაში ახლადაშენებული აეროპორტი გახსნა, სადაც მისი თქმით, საწყის ეტაპზე სახელმწიფოსაგან "სუბსიდირებული ფრენები“ განხორციელდება, რაც ბილეთებს გააიაფებს და ტურისტებს მოიზიდავს.

Civil.Ge © 2001-2024