”მაესტრო” მმართველ კომპანიასთან კონტრაქტს შეინარჩუნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jan.'11 / 12:59

ტელეკომპანია "მაესტროს“ მფლობელებმა მიანიშნეს, რომ ისინი აღარ აპირებენ სამწლიანი კონტრაქტის გაუქმებას ტელეკომპანიის მმართველ კომპანიასთან, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა დააფუძნა.

ტელეკომპანია "მაესტრომ“ 10 იანვარს საინფორმაციო გამოშვებები განაახლა მას შემდეგ, რაც 29 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი წყვეტს საინფორმაციო გამოშვებებს იმ ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც მფლობელებს და მმართველ კომპანიას შორის არსებული დავის გამო წარმოიშვა.

გაზეთ "რეზონანსთან“ ინტერვიუში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა, ტელეკომპანიის ერთ–ერთმა თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა მიანიშნა, რომ ტელეკომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მმართველ კომპანიასთან არსებული დავა მოგვარებულია; მან აღნიშნა, რომ კონფლიქტი მმართველ კომპანიასა და ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს შორის არსებობდა. ეს უკანასკნელი 31 დეკემბერს გადადგა თანამდებობიდან.     

"მე, როგორც გახსოვთ, მმართველ კომპანიას პრობლემების გადასაჭრელად დრო მივეცი და თუ არ მოაგვარებდა პრობლემებს, ამ შემთხვევაში გაწყდებოდა კონტრაქტი,“ – განაცხადა ღლონტმა. ”კომპანიის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად [”მაესტროს”] áƒ¡áƒ®áƒ•áƒ დამფუძნებლები წავიდნენ. მე იქ არ ვყოფილვარ და გადაწყვეტილებაც კონტრაქტის გაგრძელებაზე მათ მიიღეს.”

ტელეკომპანიის კიდევ ერთმა თანამფლობელმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა "რეზონანსს“, რომ მმართველ კომპანიასთან "არანაირი წინააღმდეგობა, დაპირისპირება და კონფრონტაცია არ არის“. მან ასევე განაცხადა, რომ კომპანიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები არხის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის თაობაზე და ეს საკითხი სავარაუდოდ ორ-სამ დღეში გადაწყდება.

Civil.Ge © 2001-2024