ოპოზიცია ”კრწანისის” საწვრთნელ ბაზაზე მომხდარის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jan.'11 / 20:57

გამოხატეს რა მწუხარება კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დღეს გავრცელებულ განცხადებებში ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას უზრუნველყოს მომხდარის ”ობიექტური” და გამჭვირვალე გამოძიება.

”მომხდართან დაკავშირებით სიმართლის დადგენას და საზოგადოების სრულ ინფორმირებას მოვითხოვთ,” - ნათქვამია ეროვნული ფორუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, "აუცილებელია, რომ  სახელმწიფომ დაუყოვნებლივ გასცეს ყველა იმ კითხვას პასუხი,  რომელიც აღნიშნულ ტრაგედიას უკავშირდება.”

”ქრისტიან-დემოკრატები დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალს საგამოძიებო პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ გამოძიების მასალები ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებითვის. ამ მიზნით, მიზანშეწონილობის შესაბამისად, შესაძლოა საპარლამენტო მექანიზმებიც გამოვიყენოთ,” - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ.

”მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად  და მიუკერძოებლად გამოიძიოს  მომხდარი ფაქტი, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ტრაგედია,” – განაცხადა პარტიამ ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები.

”ახალი მემარჯვენეების” განცხადებით ”მომავალში  მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით  შესაბამისმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ” მომხდარი ტრაგედია და ”რაც მთავარია, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები იმ თანამდებობის პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად,  ვის არაპროფესიონალიზმს თუ სამსახურებრივ გულგრილობას შეეწირა áƒáƒ®áƒáƒšáƒ’აზრდების  სიცოცხლე.”

კონსევატიულმა პარტიამ და ქართულმა პარტიამ განაცხადეს, რომ ისინი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების ობიექტურ გამოძიებას და ”დამნაშავეთა დასჯას” მოითხოვენ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 120 მმ–იანი ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება, რის შედეგადაც სამი კაპრალი დაიღუპა, ხოლო 13 დაიჭრა, "სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია“.

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ თუ გამოძიების მიერ გამოვლინდა მომხდარზე პასუხისმგებელი პირი, ის ”სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი.”

Civil.Ge © 2001-2024