ნოღაიდელი ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Jan.'11 / 15:59

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში áƒ˜áƒ¡ "ფორმალურად“ ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას აპირებს, რადგან ხელისუფლებამ დააკანონა მოძრაობა სამართლიანი საქართველოს თავმჯდომარეობიდან მისი გადაყენების შესახებ პარტიის წევრთა ნაწილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

“გავაკეთებთ შინაარსობრივად ძველ, მაგრამ ფორმალურად ახალ მოძრაობას იმისათვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი დავამხოთ, დავანგრიოთ და დავშალოთ,“– განაცხადა ნოღაიდელმა და დასძინა, რომ ამას "მხარდამჭერების ინტერესი მოითხოვს“.

პარტიის ლიდერობიდან მისი განდევნის კამპანიის უკან ნოღაიდელმა ხელისუფლება დაადანაშაულა. მისი თქმით, "[შს მინისტრმა ვანო] მერაბიშვილმა და [იუსტიციის მინისტრმა ზურაბ] ადეიშვილმა უკანონოდ“ ჩაატარეს "სხვისი პარტიის ყრილობა“ და შემდეგ დააკანონეს ამ ყრილობის შედეგები.

იუსტიციის სამინისტრომ 11 იანვარს განაცხადა, რომ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის გამგეობის წევრების შეცვლა პარტიულ რეესტრში ასახა, რითაც  პარტიის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი რიგით წევრად დატოვა.

ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ იმ რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, რომელიც ნოღაიდელთან დაპირისპირებულმა მისივე პარტიის 3 500 წევრმა 23 დეკემბერს ჩაატარა და სადაც ლიდერის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ნოღაიდელს თანაპარტიელთა ნაწილი იმ მოტივით დაუპირისპირდა, რომ ყოფილმა პრემიერმა არ აუნაზღაურა მათ საარჩევნო სიების გადამოწმებისთვის გაწეული სამუშაოსთვის დაპირებული გასამრჯელო.

ზურაბ ნოღაიდელის მიერ ორი წლის წინ დაფუძნებულმა მოძრაობამ სამართლიანი საქართველოსთვის 2010 წლის მაისში თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა კონსერვატორებთან და ხალხის პარტიასთან კოალიციაში, რომელმაც დედაქალაქში ხმათა 8.26% დააგროვა. 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნოღაიდელი იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც მოსკოვთან ურთიერთობები დაიწყო და მისი პარტიის სახელით რუსეთის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ან ნაბიჯების გამო ნოღაიდელს ყოფილმა თანაგუნდელებმა ნაციონალური მოძრაობიდან "მოღალატე" უწოდეს.

 

Civil.Ge © 2001-2024