სახალხო დამცველი დევნილთა გამოსახლების პროცესში წესების დაცვისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jan.'11 / 16:57

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოუწოდა, რომ არცერთი იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთა გამოსახლებაც მეორე დღეა მიმდინარეობს დედაქალაქში მდებარე შენობებიდან, არ დარჩეს "ადეკვატური“ საცხოვრებლის ან კომპენსაციის გარეშე.

სახალხო დამცველი 21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ასევე მოუწოდებს, რომ მკაცრად იქნას დაცული ყველა განსაზღვრული პროცედურა და "პროცესი წარმართოს დევნილთა უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“. 

დევნილთა გამოსახლების პროცესი, რომელშიც აქტიურადაა ჩართული პოლიცია, ზაფხულის გამოსახლებების შემდეგ 20 იანვარს განახლდა თბილისში მდებარე ორი დროებითი თავშესაფრიდან და 21 იანვარს გაგრძელდა კიდევ სამი შენობიდან.  დამატებით სულ მცირე  17 ობიექტიდან იგეგმება დევნილების გამოსახლება.

20 იანვარს ბაგების სტუდქალაქიდან გამოსახლებისას დაპირისპირების ინციდენტის შედეგად პოლიციამ 5 პირი დააკავა, საიდანაც ორ მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორკვირიანი პატიმრობა, სამ ქალბატონს კი 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.  "ამ ფაქტის კანონიერების საკითხს სახალხო დამცველი ცალკე შეისწავლის,“– აცხადებს ომბუდსმენი.

ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოსახლებულ დევნილებს ფულად კომპენსაციას ან საცხოვრებელ ფართს სთავაზობს რეგიონებში. თუმცა, როგორც გამოსახლებული ზოგიერთი დევნილი აცხადებს მათ არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ და არც დედაქალაქიდან რაიონებში გადასახლება სურთ, ვინაიდან შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან. დევნილთა განცხადებით, მათ გამოსახლების თაობაზე შეტყობინებები პროცესის დაწყების წინა დღეს მიიღეს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამჟამად ახორციელებს იმის გადამოწმებას მიიღეს თუ არა დევნილებმა კომპენსაციები და თუ ეს ასე არ არის, "მსგავსი ფაქტის არსებობა წარმოადგენს დევნილთა გამოსახლების ოპერაციული პროცედურის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას, რაც ცალსახად ხდება დევნილთა უფლებების შელახვის მიზეზი“.

ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთათვის გამოსახლებამდე უნდა ეცნობებინა გამოსახლების ზუსტი  თარიღები, რადგან პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად გამოსახლების პროცესის დაწყება საახალწლოდ იგეგმებოდა.

ამასთან, გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს დევნილთათვის საცხოვრებლად აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა.

“თუმცა, ადეკვატური საცხოვრებელი პირობები მოიცავს არა მხოლოდ შენობისა და ფართის ადეკვატურობას, არამედ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სხვა არაერთი ასპექტი...  საცხოვრებელი უნდა  მდებარეობდეს ისეთ ადგილზე სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ასევე წარმოდგენილი იქნება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვადასხვა სოციალური სერვისის ობიექტები,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

ამგვარი პირობები არ არის შექმნილი რეგიონებში შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებლებში, აცხადებს სახალხო დამცველი იანვარში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით და აღნიშნავს, "სახეზე გვაქვს არაერთი პრობლემა, რომლებიც შეიძლება დევნილთა მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს“.

 

 

Civil.Ge © 2001-2024