სამინისტროს თქმით, გამოსახლებულ დევნილებს "ადეკვატურ“ საცხოვრებლებს სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jan.'11 / 17:30

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში მდებარე დროებითი თავშესაფრის ცენტრებიდან გამოსახლებულ დევნილებს ისეთ საცხოვრებელს სთავაზობს რეგიონებში, რომელიც შეესაბამება საცხოვრებელ სტანდარტებს და "ადეკვატურია გრძელვადიანი განსახლებისთვის“.

"სამინისტრომ პარტნიორებთან ერთად ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეული ოჯახი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ შენობებში მცხოვრები ყველა დევნილი არ საჭიროებს განსახლებას. მათი გარკვეული ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან: ფლობს საკუთრებას უკვე დაკანონებულ ოფიციალურ კოლექტიურ ცენტრებში, ან მიღებული აქვს ფულადი დახმარება საცხოვრებლის შეძენის მიზნით. შესაბამისად, ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული ოჯახები მეორედ ვერ დაკმაყოფილდებიან,“– ნათქვამია სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“არიან დევნილი ოჯახებიც, რომელთაც საცხოვრებელი ფართები ჯერ არ მიუღიათ. მათ სახელმწიფო სთავაზობს გარემონტებულ, რეაბილიტირებულ ფართებს საქართველოს რეგიონებში საკუთრებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია დევნილთა მიერ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში,“– აცხადებს სამინისტრო.

ამასთან კობა სუბელიანის უწყება განმარტავს, რომ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ დევნილები 10 დეკემბრიდან "ინდივიდუალურად" იყვნენ ინფორმირებული, რათა "ჰქონოდათ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების საშუალება“.

გამოსახლებულ დევნილთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ კომპენსაცია არ მიუღიათ და არც რეგიონებში გადასახლება სურთ, სადაც, მათი თქმით, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან.

იმავდროულად, 22 იანვარს დევნილთა მხარდასაჭერად მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტის შენობის წინ. აქციებმა, რომლის ძირითადი ორგანიზატორებიც კონსერვატორები და ხალხის პარტია არიან, 20 იანვრიდან,  იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების პროცესის განახლების შემდეგ პერმანენტული სახე მიიღეს.

Civil.Ge © 2001-2024