ტყიბულის მაღაროს საქნახშირი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომხდარის მიზეზებს სპეციალური კომისია დაადგენს. “როგორც ყოველთვის, მოვისმინე, პირველი დასკვნა გააკეთეს, რომ ყველაფერი არის იმის ბრალი, სწორედ იმ მაღაროელის, რომელიც ბურღავდა და რომელიც დაიღუპა,“– განუცხადა ერევანში ვიზიტით მყოფმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს და დაღუპულის ოჯახს ღრმა სამძიმარი გამოუცხადა. 2010 წელს ამავე მაღაროში მარტში და აგვისტოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად რვა მაღაროელი დაიღუპა, ხოლო 2009 წლის დეკემბერში ერთი მაღაროელი ემსხვერპლა დამცავი ჯებირის ჩამოშლას. პრეზიდენტის თქმით, წინა აფეთქების დროსაც ყველაფერი დააბრალეს "მსხვერპლს“, თუმცა პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მაღაროს ხელმძღვანელობის "დანაშაულებრივი ქმედება“ გამოავლინა. როცა პრეზიდენტი სააკაშვილი 27 აგვისტოს აფეთქებიდან მეორე დილით ტყიბულში ჩავიდა, მან განუცხადა მაღაროელებს, რომ სავენტილაციო სისტემა დამონტაჟებული იყო, მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ "დისციპლინა მორყეულია“. “და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვნანობ, რომ აქამდე ეს სისხლის სამართლის საქმე არ იქნა მიყვანილი ლოგიკურ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეგოთ პასუხი, კონკრეტული ადამიანები გაეგზავნათ სასამართლოში და თუ სასამართლო დაადგენდა, შემდეგ საპატიმროში – ეს რომ მომხდარიყო, შეიძლება ეს გუშინდელი აფეთქება აღარ მომხდარიყო,“– განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, აფეთქების ბოლო შემთხვევას „სერიოზული ხალხი“ გამოიძიებს, მათ შორის უცხოეთიდან მოწვეულები და არა ისინი, "ვინც თბილისში ზის და ფულს იღებს ტყიბულის მფლობელებისგან და ამიტომ პრობლემა არ აქვთ, რომ ათასგვარი სისულელე და ტყუილი ჩაწერონ“. "ადამიანები ვინც ამას აკეთებენ, ისინი მონაწილეობენ პირდაპირ მკვლელობაში და ვინც ამას ფარავს ისინი არიან მკვლელობის თანამონაწილეები,“ – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მათ სრულად უნდა აგონ პასუხი. “ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ შახტაში იმის ხარჯზე, რომ ხალხს ეშინია რომ სამსახურიდან არ დაითხოვონ, მათ აქვთ თავის შემოსავლები, ამუშავდა ტყიბული, კარგი საქმეა რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს ამით შემოსავალს და ამის გამო ვერავინ ვერ იმაღლებს ხმას, ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი მათ შერჩეთ,“ – აღნიშნა მან. |
||||
Civil.Ge © 2001-2025