ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პრეზიდენტს კითხვებით მიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Jan.'11 / 16:52

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტები – ცალ–ცალკე და საჯაროდ დაუსვა პრეზიდენტ სააკაშვილს კითხვები დაგეგმილი ტელეხიდის წინ, რომელიც 25 იანვარს, 18 საათზე დაიწყება.

“თავისუფალმა დემოკრატებს“ პრეზიდენტისგან მათ მიერ დასმულ ხუთ კითხვაზე სურთ პასუხის მიღება, რომლებიც ძირითადად, სოციალურ და ადამიანის უფლებათა თემატიკას მოიცავს.

კერძოდ, ახსენებს რა პარტია მიხეილ სააკაშვილს პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდის სამი წლის წინანდელ საარჩევნო დაპირებას, აინტერესებს როდის მოვა პენსიების ოდენობა შესაბამისობაში საარსებო მინიმუმთან ან თუნდაც ინფლაციის პროცესთან და რატომ იზრდება ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლები; ასევე რაში იხარჯება სარეზერვო ფონდები; როდის დაინტერესდება პრეზიდენტი საქართველოში არსებული "უამრავი უკანონო პატიმრის“ ბედით; ვინ უნდა აგოს პასუხი "დევნილთა დევნაზე" და "კანონისა და ევროპული სასამართლოს მითითებების დარღვევით“ მათ გამოსახლებაზე; ასევე ერთ–ერთი კითხვა უკავშირდება ვეტერანების პრობლემებს.

“რა არ მოგეწონათ, როდესაც გმირთა მოედანზე ჩაიარეთ და ვეტერანთა კანონიერი აქცია დაინახეთ? ეკადრება თუ არა მთავარსარდალს, გასცეს ბრძანება კანონიერი პროტესტის გამომხატველი საკუთარი ჯარისკაცის დარბევის შესახებ?“ – ეკითხებიან "თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტს.

დევნილთა პრობლემებზე და ანტიინფლაციური გეგმებზე აინტერესებთ ასევე პასუხები პრეზიდენტისგან ახალ მემარჯვენეებს ელექტრონული ფოსტისა და მედიის საშუალებით დასმული ოთხი შეკითხვის ფარგლებში. 

“მემარჯვენეები“ ასევე იმედს გამოთქვამენ, რომ სააკაშვილი 2013 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ შეცვლილი კონსტიტუციის ფარგლებში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას აღარ დააპირებს, თუმცა ეკითხებიან: „ორი ვადის ამოწურვის შემდეგ რამდენ მილიარდიანი ვალი დარჩება საქართველოს და შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს ქვეყნის ფინანსურ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს?“

თავიანთ მეოთხე შეკითხვაში ახალი მემარჯვენეები პრეზიდენტს „ქამრების შემოჭერის“ დეკლარირებულ პოლიტიკას ახსენებენ და ეკითხებიან: „რატომ არ ასრულებთ საკუთარ დაპირებას, რომ  არც თქვენს თავს და არც  მაღალჩინოსნებს არ  მისცემდით უფლებას ხალხზე უკეთ ეცხოვრათ და  მუდმივად გააკონტროლებდით მათ შემოსავლებს?“; პარტია ასევე ითხოვს პრეზიდენტმა ტელეხიდის ფორმატში საჯაროდ უარყოს ინფორმაცია, რომ აპირებს "ბოინგ 787–ის“  ყიდვას, რომლის ყველაზე იაფი მოდელის ფასი 150 მლნ ამერიკული დოლარია“.

ლეიბორისტულ პარტიას ერთადერთი შეკითხვა აქვს მიხეილ სააკაშვილთან – როდის გადადგება ის თანამდებობიდან.

"დღეს, ჩვენი სამშობლოს უბოროტესი მტერი, პრეზიდენტად თვითწოდებული, ხალხის აშიმშილებით გამაძღარი არსება საკუთარი ტელევიზიებიდან აწყობს მორიგ ფარსს, სახელწოდებით კითხვა-პასუხი და ამ დროს სრულიად საქართველოს სააკაშვილთან აქვს ერთადერთი კითხვა – ამდენი ნგრევა, დაშლა, სისხლის შემდეგ როდის გადადგება უკანონოდ მიტაცებული თანამდებობიდან, ანუ გასაგებ ენით თუ ვიტყვით, როდის წაეთრევა პრეზიდენტობიდან,“– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე. 

 

Civil.Ge © 2001-2024